კიბერუსაფრთხოების კომპანიას აშშ-ს საფონდო ბირჟაზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა

კიბერუსაფრთხოების პროვაიდერი ამერიკული კომპანია SentinelOne-ის აქციებმა აშშ-ს საფონდო ბირჟაზე გუშინდელი დებიუტის დროს 21,4%-ით მოიმატა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ, თითქმის 11 მლრდ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მის თითო აქციაზე ვაჭრობა 46 დოლარით გაიხსნა და 42,5 დოლარით დაიხურა, რაც პირველადი განთასების (IPO) ფასზე - 35 დოლარზე გაცილებით მეტია. ეს სწრაფად მზარდი კიბერუსაფრთხოების პროვაიდერების მიმართ ინვესტორების დიდ ინტერესზე მიუთითებს.

SentinelOne-მა 35 მლნ აქცია გაყიდა, რათა IPO-ს დროს 1,23 მლრდ დოლარი მიეზიდა. მანამდე კომპანია 32 მლნ აქციის, თითოს 31-დან 32 დოლარამდე დიაპაზონში გაყიდვას გეგმავდა.

SentinelOne კალიფორნიის შტატის ქალაქ მაუნთინ-ვიუშია ბაზირებული, ის ნოუთბუქებსა და მობილურ ტელეფონებს უსაფრთხოების დარღვევისგან იცავს. კორპორატიულ ქსელში უჩვეულო ქცევის გამოსავლენად კომპანია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას იყენებს. ბაზარზე მისი კონკურენტი კომპანია Crowdstrike-ია, ხოლო მის მომხმარებლებს შორისაა კომპანიები JetBlue, Estee Lauder და აშშ-ს მთავრობა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტომერ ვეინგარტენია.

„პანდემიამ კიბერუსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა გაზარდა, რადგან ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში დისტანციური მუშაობის მოდელზე გადადიან,“ - წერს Reuters.

Tiger Global-ის, Sequoia Capital-ისა და მილარდერ დანიელ ლებას ინვესტიციების წყალობით, ნოემბრის დაფინანსების რაუნდში კომპანია SentinelOne ბოლოს 3 მლრდ დოლარად იქნა შეფასებული.

„მათ საშუალო საწარმოებით დაიწყეს, შემდეგ კი მსხვილ კომპანიებზე გადავიდნენ და მთავრობამდეც კი მიაღწიეს. როგორც კი სახელმწიფო სექტორის ინტერესი მიიზიდეს, მათ კიბერუსაფრთხოებაში ინვესტირებისთვის უმაღლესი ნიშანი მიიღეს,“ - აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, SineWave Ventures-ის დამფუძნებელი იანევ სუისა.

საფონდო ბირჟაზე SentinelOne-ის შეთავაზებების მთავარი ანდერაიტერები, ანუ რისკების შემფასებლები საბანკო სექტორის გიგანტები, Morgan Stanley და Goldman Sachs იყვნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ