ჩინელების პროგნოზით, მიკრო-ჩიპების დეფიციტი ნორმას მესამე-მეოთხე კვარტლებში დაუბრუნდება

ჩიპების გლობალური დეფიციტი ივლისში შემცირდება, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტლებში ნორმას დაუბრუნდება. ასეთ პროგნოზს ჩინეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია SAIC-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჩენ ხუნა აკეთებს. ინფორმაციას შანხაის საინფორმაციო პორტალი Yicai Global ავრცელებს.

მისი თქმით, საავტომობილო ინდუსტრია ჩიპების დეფიციტს პირველად შეეჯახა მაშინ, როცა საკმარისი რაოდენობის პირობებში მიკროსქემების მწარმოებლებსა და ავტომწარმოებლებს შორის უშუალო კონტაქტი არც კი არსებობდა. დეფიციტის შედეგად კომპანიებმა ერთმანეთის მოძიება და მჭიდრო ურთიერთობა დაიწყეს, რაც პრობლემებს მეტად ოპერატიულად აგვარებს.

მიკროპროცესორების მიწოდების გლობალური დეფიციტი კორონავირუსის პანდემიას დაემთხვა. დეფიციტი, განსაკუთრებით, ავტოინდუსტრიას შეეხო. ცალკეული ექსპერტების შეფასებით, შესაბამისი მიკრო-ჩიპების უკმარისობის გამო მიმდინარე წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, ავტოწარმოება შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს.

კოკა კვირკველია