ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დამთავრდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დამთავრდა. მისი შეფასებით, სუბსიდირების პროგრამის მუდმივად გაგრძელებას სხვა მექანიზმები სჭირდება და ეს საშუალებები ქვეყანაში არსებობს სოციალური დაცვისა და კომპენსირების სახით, რაც ბიუჯეტს გააჩნია.

"ჩვენ ხორბლის სუბსიდირება დავამთავრეთ, იმიტომ, რომ ასე იყო დაანონსებული. ეს არის ალბათ ყველაზე უპრიანი, როდესაც საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის და ყველაზე ნაკლები წნეხი, იგივე ფასებზე იქნება ამ პერიოდში. ყველაზე რთული ზამთრის პერიოდი როდესაც გვქონდა და ქვეყანაში სასურსათო, ადგილობრივი პროდუქტების ნაკლებობა იყო და შეიძლება მეტი ყოფილიყო წნეხი მოსახლეობის სოციალურ ფონზე, ვფიქრობ, ამ ვითარებაში ჩვენი ჩარევა იყო პასუხისმგებლიანი.

რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანამ მუდმივად გააგრძელოს რაიმე ტიპის პროდუქტების სუბსიდირება, ამას სჭირდება სხვა მექანიზმები და სხვა მექანიზმები ქვეყანაში არსებობს, ეს არის სოციალური დაცვისა და კომპენსირების ის საშუალებები, რაც ბიუჯეტს გააჩნია",-განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა.