სემეკი-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ივლისში მომხმარებლები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ

სემეკი-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის სალომე ჯანელიძის განცხადებით, ივლისის თვეში მომხმარებლები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ.

როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, მომხმარებლები ერთ ქვითარს მიიღებენ კომპანია „თელასისგან“ 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის, ხოლო მეორეს - „თელმიკოსგან“, 1-ელი ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს.

მისივე თქმით, ივნისის დავალიანება მომხმარებლებმა „თელასს“ უნდა გადაუხადონ, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.

„ყველა მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მათ ელექტრომომარაგებას არაფერი ემუქრება. ისინი ზუსტად ისევე იქნებიან უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრომომარაგებით, როგორც - ახლა. ამ მხრივ, მათთვის არაფერი შეიცვლება. მომხმარებელები ორ ქვითარს მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ ამ თვეში, ეს არის გარდამავალი პერიოდი“, - განაცხადა სალომე ჯანელიძემ.

ცნობისთვის, დღეიდან „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდებას „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ განახორციელებენ.