ევროკავშირმა კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ვინ იმოგზაურებს ევროპაში თავისუფლად

გამოცემა Politico იმ 11 ქვეყანას ასახელებს, რომელსაც ევროკავშირი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიას დაამატებს და რომლის მოქალაქეებიც დღეიდან ევროკავშირში შესვლას თავისუფლად შეძლებენ.

ევროკავშირის ელჩების მიერ გუშინ დამტკიცებულ სიაში კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, კატარი და საუდის არაბეთი მოხვდნენ. სიაში არაა საქართველო.

გასულ წელს, კორონავირუსის გამო ბლოკმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, გადაუდებელი მგზავრობების გარდა, ყველანაირი მოგზაურობა შეაჩერა. უსაფრთხო ქვეყნების სია წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო არ არის, თუმცა ისინი, როგორც წესი, მას იზიარებენ.

დელტას შტამის გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთი სიაში კვლავ არ შევიდა.

ახალი ქვეყნები ევროკავშირის ფორმულის მიხედვით შეირჩნენ, რომლებთაც 100 000 მოსახლეზე 14 დღეში 100-ზე ნაკლები დაავადების ახალი შემთხვევა დაუფიქსირდათ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის მონაცემებით, მაგალითად, მოლდოვაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 28.8, სომხეთში კი 35.2 დაფიქსირდა.

ევროკავშირმა თავისი სამოგზაურო რეკომენდაციები ბოლოს 18 ივნისს განაახლა, როცა ბლოკში თავისუფალი მგზავრობის უფლება მიიღეს ალბანეთმა, ავსტრალიამ, ისრაელმა, იაპონიამ, ლიბანმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, რუანდამ, სერბეთმა, სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ, ტაილანდმა, აშშ-მა და ჩინეთმა, პეკინის მხრიდან საპასუხო ზომების შემთხვევაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ