დანიელები ევროკავშირში ყველაზე მდიდრები არიან

ევროკავშირის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ბლოკის მოსახლეობას შორის ყველაზე მდიდრები დანიელი ოჯახები არიან. მათ ყველაზე დიდი ფულადი და საპენსიო მარაგი აქვთ. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

მიმდინარე წლის მონაცემებით, დანიაში ერთ სულ მოსახლეზე ფინანსური აქტივი 1,3 მლნ კრონს (208 000 დოლარს) შეადგენს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ამით დანია მდიდარი სახელმწიფოების სიის სათავეშია. ტოპ 5-ეულს დანიის შემდეგ ნიდერლანდები, შვედეთი, ლუქსემბურგი და ბელგია წარმოადგენენ.

ცენტრალური ბანკის გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, დანიის ერთ სულ მოსახლეზე ფინანსური აქტივი, საშუალოდ, 300 000 დოლარს შეადგენდა, ლუქსემბურგის - 253,000 დოლარს, ნიდერლანდების - 252 000 დოლარს, შვედეთის - 241 000 დოლარს, ბელგიის კი - 182 000 დოლარს.

კოპენჰაგენში, Nykredit Wealth Management-ის ეკონომისტი კამილა პოულსენი აცხადებს, რომ დანიის მაღალი რეიტინგი განაპირობა იმ გადაწყვეტილებებმა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ იქნა მიღებული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია დაგროვებითი პენსიის პროგრამა, რომელიც პირის სამსახურში მოწყობისთანავე იწყება. თავად პოულსენს, რომელიც ახლა 50 წლისაა, დაგროვებითი პროგრამა 19 წლის ასაკიდან შეეხო, რაც ახალგაზრდობაში დიდად არ მოსწონდა.

რაც შეეხება სიის შემდეგ ქვეყნებს, მდიდარ ხუთეულს მეექვსე ადგილზე საფრანგეთი მოსდევს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ფინანსური აქტივი, საშუალოდ, 135 000 დოლარს შეადგენს. დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა ხორვატია - 24 000 დოლარით, სლოვაკეთი - 22 000 დოლარით, პოლონეთი - 21 000 დოლარით, ბულგარეთი - 17 000 დოლარით და ბოლოს, რუმინეთი - 12 000 დოლარით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ