მაისში საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 264,1%-ით გაიზარდა

2021 წლის მაისში საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 264,1%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„2021 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 188.1 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.1 პროცენტი შეადგინა და წლიურად 264.1 პროცენტით მოიმატა. საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა შემცირდა“, - აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

ამავე მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის მაისში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები კვლავ მოქმედებდა. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებითმა გამოცოცხლებამ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა განაპირობა - მაისში წლიურად 188.1 პროცენტით.

„გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის აპრილში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა პრაქტიკულად შეჩერებული იყო და, შესაბამისად, უცხოელ ვიზიტორთა ასეთი მაღალი ზრდა საბაზო ეფექტს უკავშირდება. რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი ვიზიტორების ზრდაში უკრაინიდან (29.0 პპ), რუსეთიდან (19.4 პპ) და თურქეთიდან (16.5 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა 9.9-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 13.5 პპ წვლილი შეადგინა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით (249-ჯერ მეტი ვიზიტორი), ასევე მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით (30.8 პპ)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.