გერმანიის მთავრობა საქართველოს 20 მლნ ევროს შეღავათიან სესხს გამოუყოფს

გერმანიის მთავრობა საქართველოს 20 მილიონი ევროს შეღავათიან სესხს გამოუყოფს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს 20 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხი გამოუყოს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სესხი მიმართული იქნება ახალი პროექტის "კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პროგრამის" დასაფინანსებლად.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ოფიციალური შეტყობინება დღეს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა კატარინა დერკორნმა გადასცა. "აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების კიდევ ერთი დადასტურებაა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ფინანსურთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასესხო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს შეუძლია შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, დღემდე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი რესურსი დაახლოებით 650 მილიონ ევროს შეადგენს.