კურორტი გუდაური დღეს გაიხსნება

მთის კურორტებზე აბონიმენტის ფასები არ შეცვლილა

ზამთრის კურორტი გუდაური დღეს გაიხსნება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა განაცხადა, გუდაურში დღესვე ყველა საბაგირო ჩაირთვება. "გაიხსნება პირველი სასრიალო ტრასა, აგრეთვე გონდოლას მინდვრის ტრასა, სნოუპარკის ტრასა და კუდების ტრასები. აგრეთვე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გვექნება საზიმო ღონისძიება გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, გუდაურის ხელოვნური გათოვლიანება უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. შარშანდელთან შედარებით, მთის კურორტებზე აბონიმენტის ფასები არ შეცვლილა. ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ივლისის თვიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყო. გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი ე.წ "თოვლის თოფი", რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს, ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი ფაზაა გათოვლიანებული, მომავალი წლიდან კი მეორე ფაზის გათოვლიანებაა დაგეგმილი.

მისივე თქმით, ასევე დასრულებულია წყლის სისტემის დამონტაჟება და სატუმბო-საკომპრესორო ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნული გათოვლიანების სისტემის გარდა, კურორტზე განხორციელდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები: საბაგიროების გეგმიური რემონტი, არსებული ტრასების ქვებისგან გაწმენდა-გაფართოება, დამონტაჟდა ღამის განათებები, საინფორმაციო მონიტორები. კურორტზე რამდენიმე წელია დამონტაჟებულია მსოფლიოში ლიდერი ავსტრიული კომპანია "სკიდატას" თანამედროვე უკონტაქტო გამშვები პუნქტები, დაინერგა ერთიანი სააბონემენტო სისტემა. 2015 წლიდან კი აშენდება წყლის ხელოვნური რეზერვუარი, იგივე ტბა.