რომელ პროდუქტში აღმოაჩინა სეს-მა ნიტრატებზე დარღვევა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობას იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის აღებული 100 ნიმუშიდან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 16 დარღვევა ძირითადად ჭარხლის ნიმუშებზე გამოვლინდა, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები: რეალიზაციის აკრძალვა, სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა და გამოთხოვა გატარდა. „უკვე გამოკვლეულ ბაღჩეულ კულტურებში - საზამთროსა და ნესვში დარღვევები არ აღინიშნა. სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების კვლევას.

როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტო ნიტრატების შემცველობას სხვადასხვა ბოსტნეულში სეზონურად ამოწმებს. გააქტიურებული კონტროლის, აგრეთვე ფერმერებისა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, დარღვევები შემცირებულია, თუმცა აღინიშნება ცალკეული შეუსაბამობები და სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.