ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსდირდა, რაც იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა აქტიური ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედის

„ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, რაც ცალსახად იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა შედის აქტიური ეკონომიკური აღდგენის ფაზაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, კომპანია „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დისკუსიაში ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე ვრცლად ისაუბრა, რომლებიც კერძო სექტორს პანდემიური შოკიდან გამოსვლაში დაეხმარა და ასევე პოსტკრიზისული გამოწვევების დასაძლევადაა მიმართული.

„ჯერ კიდევ 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც რეალურად შესაძლებელი გახდა ბიზნეს აქტივობა და ეკონომიკური საქმიანობა, ჩვენ მაქსიმალურად გავაფართოეთ კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებები. მათ შორის, ავამუშავეთ საკრედიტო - საგარანტიო სქემა და დღეის მდგომარეობით მხოლოდ ამ პროგრამით 250 მლნ ლარის ოდენობის სესხის გარანტია განვახორციელეთ. ჩვენს პროგრამებში მოხვდა 60-მდე ახალი სასტუმროს პროექტი, რომლებიც დააფინანსეს არა მხოლოდ ინვესტორებმა, არამედ მათ ჰქონდათ საბანკო დაფინანსებაც და ეს მაშინ, როდესაც ტურიზმის აღდგენაზე საუბარიც კი არ იყო,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა ბიზნესის სტიმულირების ახალი პროგრამები, რომლებიც დაახლოებით 1 თვეში ამოქმედდება. ჩვენ მთელი 2020 წლის განმავლობაში ბიზნესთან ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ყველა იმ პროგრამის დიზაინზე, რომელიც განხორციელდა კრიზისის დაძლევის ნაწილში. დღეს გვინდა, მოვუწოდოთ ბიზნესს, რათა აქტიურად ჩაერთოს აღდგენის ნაწილში, რათა ყველა ის ღონისძიება, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს, იყოს მიზნობრივი და მაქსიმალურად ეფექტური,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დისკუსიამდე „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარებმა წარმოადგინეს მაკროეკონომიკური პროგნოზები და სექტორული განვითარების მიმოხილვა. მათ შორის, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია - რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი - 6.5%.

„კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს. კვლევაში აღინიშნა, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს. ამავე კვლევის თანახმად, შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, მცირე და საშუალო სასტუმროებში კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.