უკრაინის რადამ ე.წ. ოლიგარქების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. ოლიგარქების კანონპროექტი, რომელიც მსხვილ ბიზნესმენებს სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს. როგორც სააგენტო Bloomberg წერს, კანონის მიღების შემდეგ ოლიგარქები იძულებული გახდებიან, თავიანთი აქტივები გაასაჯაროვონ, ვეღარ დააფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, ვეღარ გახდებიას სახელმწიფო თანამდებობის პირები და პრივატიზაციაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კანონოპროექტი ძლიერ შეზღუდავს ოლიგარქებს, რომლებმაც სამი ათეულის წლის წინათ, კომუნიზმის დანგრევის დღიდან ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე უდიდესი გავლენა მოიპოვეს.

კანონი 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს და მისი მიხედვით, ოლიგარქად მიჩნეული იქნება პირი, რომელიც 4-დან 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ესენია: საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა, მონოპოლიური კომპანიის მფლობელობა ან კონტროლი და 2,4 მლრდ გრივნაზე (88 მლნ დოლარზე) მეტი ფინანსური აქტივების ფლობა.

მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოლიგარქებს ან მათ წარმომადგენლებს შეხვდებიან, ამის შესახებ ანგარიშის წარდგენა მოუწევთ.

ზელენსკი, რომელიც ხელისუფლებაში 2019 წელს მოვიდა, პირობას დებდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ოლიგარქების ძალაუფლებას ბოლოს მოუღებდა.

„ენდემურმა კორუფციამ უკრაინის ეკონომიკური პროგრესი შეანელა,“ - წერს Bloomberg.

მექრთამეობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ამ კანონპროექტს პოპულისტურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ უფრო ეფექტიანი იქნებოდა, თუ სასამართლო სისტემა გაძლიერდებოდა და ანტიმონოპოლური კანონმდებლობა გამკაცრებოდა.

„კანონი ზიანს მიაყენებს პრეზიდენტის პოლიტიკურ კონკურენტებს, მაგალითად, მის წინამორბედ პიოტრ პოროშენკოს, ორი ტელეარხისა და საკონდიტრო იმპერიის მქონე დეპუტატს,“ - წერს Bloomberg.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ