Johnson & Johnson ირწმუნება, რომ დელტა-შტამს 29 დღის განმავლობაში ანეიტრალებს

კომპანია Johnson & Johnson ავრცელებს განცხადებას, რომ კორონავირუსზე მისი ერთჯერადი ვაქცინა სწრაფად ინფიცირებად დელტა-შტამს ანეიტრალებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მათი ვაქცინით აცრილი პირები, მინიმუმ, 8 თვის განმავლობაში ყველანაირი შტამის წინააღმდეგ ძლიერ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.

სააგენტო Bloomberg-ს დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც აშშ-ში უახლოეს კვირებში დელტა-შტამი დომინირებული ვირუსი გახდება. თავიდან მიიჩნევდნენ, რომ J&J-ის ვაქცინებს ნაკლები დაცვა შეეძლოთ, ვიდრე Pfizer-სა და Moderna-ს და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ზოგიერთ ვაქცინირებულ პირს შესაძლოა, გამაძლიერებლის გაკეთებაც დასჭირვებოდა, რათა ის ვირუსისგან გრძელვადიანად დაეცვა.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ გამაძლიერებლების აუცილებლობა გამოირიცხა და ყველა შტამისგან დაცვა შეგვიძლია. ჩვენმა ვაქცინამ აცრიდან 29 დღის განმავლობაში დელტა-შტამი გაანეიტრალა,“ - აცხადებს J&J-ის ინფექციური დაავადებებისა და ვაქცინების განყოფილების ხელმძღვანელი, იოჰან ვან ჰოფი. ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ის ამბობს, რომ აცრილ პირებს 1 წლის განმავლობაში რევაქცინაცია არ დასჭირდებათ.

გუშინ გამოქვეყნებული J&J-ის ანგარიში დაფუძნებულია 2 კვლევის შედეგებზე. კომპანიამ აცრიდან გვიან ეტაპზე 8 ვაქცინირებული პირის სისხლის ნიმუში კლინიკურად გამოიკვლია, რათა დელტა-შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეეფასებინა. სამედიცინო ცენტრ Beth Israel Deaconess-ის მკვლევარმა დენ ბარუშმა ერთი წლის წინანდელი ეტაპის ვაქცინირებულ 20 პირზე იმუნური პასუხის გამძლეობა დაადასტურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის უფრო დამაჯერებელი შედეგები bioRxiv-ში გამოქვეყნდება.

J&J-ის გუშინდელმა მონაცემებმა აჩვენა, რომ „ტიტრების“ სახელად ცნობილი ანტისხეულების რაოდენობა დელტა-შტამის საპასუხოდ უფრო მეტი იყო, ვიდრე ბეტა-ვარიანტის მიმართ, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მეორე დოზის შემთხვევაში ანტისხეულების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. გვიან ეტაპის 2 ინექციის ეფექტიანობაზე კვლევის შედეგებს კომპანია აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ