გიორგი ხვედელიანი - ხელისუფლების გულგრილმა და არასწორმა პოლიტიკამ 80 000 მოსწავლე განათლების გარეშე დატოვა

დასრულდა ურთულესი სასწავლო წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წელიწადნახევრის განმავლობაში მოსწავლეები განათლებას ონლაინ იღებდნენ, რამაც შექმნა ცოდნის გადაცემის სერიოზული სირთულეები, ვინაიდან სწავლა, თავისთავად, ვერ იქნებოდა ისეთი ხარისხის, როგორც ფიზიკური დასწრების პირობებში.

და ამ ობიექტურად მძიმე ვითარებაში 80 000-მა ჩვენმა მოსწავლემ ვერ მოახერხა განათლების მიღება მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც სჭირდება დაახლოებით 10-12 მილიონი დოლარი. საქართველოს მთავრობამ ვერ გამოყო თანხა ამ საკითხის მოსაგვარებლად მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ სესხისა და გრანტის სახით რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღო.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი ეპიდსიტუაცია იქნება შემოდგომაზე. ამიტომ აუცილებლად წინასწარვე უნდა დავიზღვიოთ თავი და ამ ზაფხულის განმავლობაში ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც ამ მიზეზით განათლების მიღება არ შეუძლია, სპეციალური პროგრამის საშუალებით უნდა დაურიგდეთ კომპიუტერები. ეს უნდა მოახერხოს ხელისუფლებამ.

ზოგადად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახალი ინდუსტრიული რევოლუცია დაეფუძნება ტექნოლოგიებს. ჩვენი განათლების სისტემა ამ რეალობას უნდა მოერგოს და დღეს იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, რომ 80 000 მოსწავლეს საერთოდ არ შეუძლია განათლების მიღება კომპიუტერის უქონლობის გამო, არამედ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მეტი ინტერნეტიზაცია და განათლების პროცესში მაღალი ტექნოლოგიების ჩართვა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ქვეყნის ყველა მოსაწვლისათვის.