„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოქმედი კომისიონერების და თანამშრომლების პრივილეგიებზე საუბრობს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტია, რომ კომუნიკაციების სფეროში მომუშავე პირებს არ აქვთ განცდა, რომ კომისიის წევრად არჩევა პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი პროცესია და კანდიდატების შერჩევა მხოლოდ პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის საფუძველზე ხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში კომუნიკაციების კომისიის წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, რამდენად არის გამოცხადებული კონკურსები ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში. არსებული პრაქტიკა უფრო კონკურსის იმიტაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც შედეგად აკნინებს კომისიის უდაოდ მაღალ როლს და მნიშვნელობას არსებულ პოლიტიზებულ გარემოში, ზრდის მმართველი ხელისუფლების ზეგავლენას უწყებაზე და მოტივაციას უკარგავს პროფესიონალ, დამოუკიდებელ კადრებს მონაწილეობა მიიღონ შერჩევის პროცესში.

კომუნიკაციების კომისია ახალი კომისიონერის არჩევის მოლოდინშია. დღეისათვის კომისიაში ოთხი წევრია და დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკონკურსო განაცხადი ოთხმა კანდიდატმა შეიტანა: ნინო ქუბინიძემ, ივანე მახარაძემ, მარიამ სულაბერიძემ და ირინე ვერძეულმა. ამ უკანასკნელის გარდა, საბოლოოდ, პარლამენტს პირველი სამი კანდიდატი წარედგინა. შერჩეულ კანდიდატთაგან კომისიის ახალ წევრს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

„ბოლო წლების განმავლობაში კომისიონერად შერჩევისა და არჩევის პროცესში ორი საგანგაშო ტენდენცია იკვეთება, კერძოდ, ესაა დაბალი კონკურსი და მმართველი ძალის მიერ კომისიონერებად მოქმედი თანამშრომლების თუ კომისიონერების არჩევა. ხუთწევრიანი კომისიის ოთხი წევრიდან ორი მოქმედი კომისიონერი და ორიც თანამშრომელია. დღეისათვის პარლამენტში მეხუთე წევრად ასარჩევი წარდგენილი სამი კანდიდატიდანაც ერთი კომისიის მოქმედი და ერთიც ყოფილი თანამშრომელია.

გამოცხადებული კონკურსები დაბალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება. ფაქტია, რომ კომუნიკაციების სფეროში მომუშავე პირებს არ აქვთ განცდა, რომ კომისიის წევრად არჩევა პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი პროცესია და კანდიდატების შერჩევა მხოლოდ პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის საფუძველზე ხდება. აღნიშნული ტენდენცია პრაქტიკულად ახალისებს მოქმედი კომისიონერების/თანამშრომლების უპირობო ლოიალობას მმართველი პოლიტიკური ძალისა თუ მარეგულირებლის ხელმძღვანელობის მიმართ“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე.