საქართველოდან 3,635 მლნ დოლარის ღირებულების 4 171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

1-ელი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3,635 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და უკრაინაში გავიდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2020 წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 308 ტონას, ხოლო ღირებულება - 188 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

„მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

2 ივლისის მდგომარეობით, სამაცივრე მეურნეობებში ატამის ჩაბარების ფასი 1.00 ლარიდან 1.40 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) - 1.20 ლარიდან 1.80 ლარამდე.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართულები არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.