Trump Organization-სა და მის ფინანსურ დირექტორს 1,7 მლნ დოლარის გადასახადების თავიდან არიდებისთვის ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის მანჰეტენის მსაჯულთა კოლეგიამ დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization-სა და მის ფინანსურ დირექტორ ალენ ვაისელბერგს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლებივი ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, Trump Organization და პირადად, ვაისელბერგი გადასახადების გაუქმების დანაშაულებრივ სქემაში 15 წელი მონაწილეობდნენ. საუბარია თაღლითობაზე, შეთანხმებით მოქმედებაზე, საკუთრების მიტაცებასა და დოკუმენტების გაყალბებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ და მისმა ფინანსურმა დირექტორმა, ჯამურად, 1,7 მლნ დოლარის გადასახადებს აარიდეს თავი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 15-პუნქტიანი ბრალდება დაფუძნებულია ფაქტებზე, რომლებიც ელექტრონული მოწყობილობებიდან და მოწმეების ჩვენებებიდან არის ამოღებული.

კომპანიის წარმომადგენლები და თავად ვაისელბერგი სასამართლოში აცხადებდნენ, რომ უდანაშაულონი არიან. Trump Organization-ის იურისტ სიუზენ ნიკელსის თქმით, ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მართალია, ისინი ყოფილ პრეზიდენტს უშუალოდ არ ეხება, თუმცა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს საქმე „ალქაჯებზე ნადირობის“ მორიგი ეპიზოდია.

პროკურატურა იმედოვნებს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და სხვა დამნაშავეებსაც გამოავლენს. ტელეკომპანიის ცნობით, ვაისელებრგის ჩვენებას საქმეში დიდი მნიშვნელობა ექნება, რის შემდეგაც შესაძლოა, ექს-პრეზიდენტის სახელიც ამოტივტივდეს.

Trump Organization-ის წინააღმდეგ გამოძიება უვკე 2 წელია, მიმდინარეობს.

კოკა კვირკველია