ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2,3 მლრდ ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმა მოამზადა, რომელიც 2.3 მლრდ ევროს საინვესტიციო პაკეტს ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს კომპლექსური დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ასევე, „მწვანე“ და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას, გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიური სამართლიანი საზოგადოების განვითარებას,” - განაცხადა პიტერ სტანომ.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ამ მიზნების განხორციელებას გრანტების, გარანტიებისა და შერეული ინსტრუმენტების სახით, 2,3 მლრდ ევროს ინვესტიციები უზრუნველყოფს, რასაც 17 მლრდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია. სტანოს თქმით, ეს ხელს შეუწყობს კორონაპანდემიის შემდგომ აღდგენასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, 3000 კმ პრიორიტეტული გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე ან განახლებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, 250 ათას შინა მეურნეობაში ელექტროენერგიის მოხმარების 25%-ით შემცირებაზე, წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ინტერნეტის უკეთეს ხელმისაწვდომობაზე. ასევე, იგულისხმება ვაქცინაციაში სამედიცინო მუშაკების დახმარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, 70,000 სტუდენტისა და მკვლევარის მოგზაურობის დაფინანსება,“ - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი.

თანამშრომლობის გეგმა ევროკავშირში პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ სამიტამდე განიხილება, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

მედიის კითხვაზე, პიტერ სტანომ განმარტა, რომ გეგმა ბელარუსის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს მიუხედავად ოფიციალური მინსკის განცხადებისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულებიდან გადის.

„დიახ, ეს გეგმა ბელარუს ხალხსაც ეხება. როგორც მოგეხსენებათ, ლუკაშენკოს რეჟიმის საქციელის გამო, მასთან, პრაქტიკულად, ყველანაირი კონტაქტი და თანამშრომლობა შეჩერებულია. ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების მიმართ. ჩვენ შემოვიღეთ სანქციები, მაგრამ იქვე აღვნიშნეთ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს ურთიერთობაზე ბელარუს ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობა ხალხისთვის სარგებლის მოტანას გულისხმობს, ამიტომ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენმა ინიციატივებმა ბელარუსიც მოიცვას, ოღონდ ეს „წითელი ხაზების" ფარგლებში მოხდება, რომელიც ევროკავშირმა მკაფიოდ განსაზღვრა,“ - აცხადებს პიტერ სტანო.

მისი თქმით, ევროკავშირს ბელარუსისთვის 3 მლრდ ევროს პაკეტი აქვს მზად იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დემოკრატიულ გზას გაჰყვება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის 6 მეზობელზე - აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, სომხეთზე, საქართველზე, მოლდოვასა და უკრაინაზე ვრცელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ