ბრენსონი კოსმოსში ბეზოსს გაასწრებს

ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი, ვისაც სხვა კომპანიებთან ერთად, კოსმოსური ტურიზმის კომპანია „ვირჯინ გალაქტიკ ჰოლდინგსი“ ეკუთვნის, 11 ივლისს კოსმოსის მიჯნაზე სატესტო ფრენას შეასრულებს. ამგვარად, ის უკან მოიტოვებს ამერიკელ მილიარდერ ჯეფ ბეზოსს, ვინც საკუთარი კომპანიის ხომალდით, კოსმოსის საზღვრამდე ფრენას ასევე უახლოეს მომავალში გეგმავს.

წარმატების შემთხვევაში, ბრენსონი გახდება ბიზნესის ახალი სფეროს, კოსმოსური ტურიზმის პირველი კლიენტი, ვინც კოსმოსიდან გადმოხედავს ჩვენს პლანეტას. ის კოსმოსურ ხომალ „ვირჯინ VSS იუნიტით“ იფრენს, რომელსაც უკვე არაერთი სატესტო ფრენა აქვს შესრულებული.

გარდა იმისა, რომ პირველი კომერციული კოსმოსური სამგზავრო ხომალდია, „ვირჯინ VSS იუნიტი“ იმით გამოირჩევა, რომ სტარტს ჰაერიდან აიღებს. მას ჰაერში სპეციალური გიგანტური თვითმფრინავი აიყვანს, რომელიც განსაზღვრულ სიმაღლეზე ხომალდს გაუშვებს.

მისგან განსხვავებით, ბეზოსის „ბლუ ორიჯინი“ სტარტს ხმელეთიდან აიღებს და მისი სამგზავრო კაპსულა ხმელეთს პარაშუტებით დაუბრუნდება. ორივე შემთხვევაში, მზიდი რაკეტები მრავალჯერადი გამოყენებისაა.

ბეზოსი ჩვენი პლანტის ატმოსფეროს მიღმა პირველ ფრენას 20 ივლისს გეგმავს. მასთან ერთად, კოსმოსის ზღვარზე მისი ძმა, მარკ ბეზოსი, ცნობილი ქალი მფრინავი უოლი ფანკი და ერთი ჯერაც უცნობი პიროვნება იმგზავრებს, ვინც ამ ვოიაჟში 28 მილიონი დოლარი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ კოსმოსური ტურიზმის სფეროში მალე ილონ მასკიც ჩაებმება, თავის კომპანია „სპეის იქსთან“ ერთად. მასკის კომპანია უკვე მუშაობს და კოსმოსში სატელიტები გაჰყავს, რომელთა დანიშნულებაც, ინტერნეტის უსწრაფესი ქსელის შექმნაა. მასკს თავისი კომპანიის პირველი კომერციული ფრენის თარიღი ჯერ დადგენილი არ აქვს.

შვეიცარიულ საფინანსო გიგანტ UBS-ის შეფასებით 2030 წლისთვის, მსოფლიო კოსმოსური ტურიზმის წლიური ჯამური მოცულობა 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ „ვირჯინ გალაქტიკსს“ კოსმოსის მიჯნაზე უკვე სამი სატესტო პილოტირებადი ფრენა აქვს შესრულებული. მაგრამ 11 ივლისს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ხომალდში ექვსივე ადგილი შეივსება. მგზავრთა შორის ორი პილოტი და ოთხი „მისიის სპეციალისტი“, მათ შორის, ბრენსონიც იქნება. ამის შემდეგ, კომპანია კიდევ ორ სატესტო ფრენას გეგმავს, 2022 წელს კი ტურისტების კომერციულ მომსახურებას დაიწყებს.