Pinterest-მა წონის დაკლების რეკლამირება შეწყვიტა

ამერიკულმა ფოტო-ჰოსტინგ Pinterest-მა 1-ლი ივლისიდან წონის დაკლების რეკლამირება შეწყვიტა. შედეგად, ის გახდა პირველი მსხვილი ინტერნეტ-პლატფორმა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.

საიტზე არ იქნება ნაჩვენები წონის დაკლების პროდუქტების მიმოხილვა და სურათები, რომლებიც აიდეალიზებენ ადამიანის სხეულს, ან პირიქით, ადამიანები დარცხვენილი გამოიყურებიან სიმსუქნის გამო. ასევე, გაქრება წამლისა და წონის დასაკლები დამატებების რეკლამა, სხეულის "მანამდელი" და "შემდგომი" წონის მაჩვენებელი გამოსახულებები.

Pinterest-მა გადაწყვეტილება კვების დარღვევების ეროვნული ასოციაციის (NEDA) მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ მიიღო. ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ახალგაზრდებში არაჯანსაღი კვების ჩვევებისა და კვების რეჟიმის დარღვევების რიცხვმა მოიმატა. დასკვნაში წერია, რომ წონის დაკლების რეკლამამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ადამიანების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

Pinterest-ში აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ რეკლამებს დატოვებენ, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ფიტნეს სერვისებს ეხება, ასევე, პროდუქტებს, რომლებიც წონის დაკლებაზე არ არიან ორიენტირებული.

მანამდე ცალკეულმა კომპანიებმა „ბოდიშეიმინგის“ წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღეს. მაგალითად, გასულ წელს TikTok-მა წონის დასაკლები დამატებების რეკლამირება და სადიეტო აპლიკაციები აკრძალა. 2019 წელს Instagram-მა შემოიღო ასაკობრივი შეზღუდვა პოსტებზე, რომლებიც წონის დაკლების პროდუქციასა და კოსმეტიკურ ოპერაციებს რეკლამირებენ, რათა არასრულწლოვანი აუდიტორია ასეთი რეკლამებისგან განერიდებინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ