,,ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მივიღებთ თუ არა წელს მონაწილეობას რაჭის რთველში“ - ,,შუხმან ვაინ ჯორჯია“

,,ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში წარმოების დაწყება სავალდებულო 2021 წლიდან უნდა გამხდარიყო. თუმცა, მოუწევთ თუ არა წელს მეღვინეებს ღვინის ამ სახეობის რაჭაში წარმოება, ამ ეტაპზე უცნობია. ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მეღვინეების ნაწილსაც არ გადაუწყვეტია, იყიდიან თუ არა „ხვანჭკარას“ ნახევარფაბრიკატ ღვინო მასალას.

კომპანია ,,შუხმან ვაინ ჯორჯია“ ერთ-ერთია, რომელსაც რაჭაში არ აქვს საწარმო სიმძლავრეები, თუმცა ყიდულობს ყურძენს და „ხვანჭკარას“ კახეთში, საკუთარ საწარმოში ამზადებს. კომპანიის დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ იცის, იყიდიან თუ არა „ხვანჭკარას“ ნახევარფაბრიკატ ღვინო მასალას და საერთოდ, მიიღებენ თუ არა წელს რაჭის რთველში მონაწილეობას.

„ჩვენი კომპანია, აქამდე მუდმივად ყიდულობდა ალაქსანდროულს და მუჯურეთულს და შემდეგ ვაყენებდით კახეთში. თუ აქამდე ხდებოდა ყურძნის გამოტანა, როგორც ცნობილია ახლა უნდა მოხდეს ნახევარფაბრიკატი ღვინო მასალის ტრანსპორტირება. ამიტომ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მივიღებთ თუ არა წელს მონაწილეობას რაჭა-ლეჩხუმის რთველში“ -ამბობს ნუცა აბრამიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. უწყების პოზიცია იყო, რომ „პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება“. მაშინვე ითქვა, რომ ღვინის გადამუშავება 2019 წლიდან დაიწყებოდა, მოგვიანებით ეს ვადა 2021 წლამდე გადაიწია.

თამარ მუკბანიანი