„შეკვეთები კი გვიანდება, მაგრამ ...“ -  რატომ გადაიდო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება, დაახლოებით, მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო. პროექტი კომპანია „აგრობადეს“ ეკუთვნის, რომელსაც 100-მდე ჰექტრის ბადეების შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ამის მიზეზი პანდემიაა. კერძოდ, კოვიდის გამო, თურქი პარტნიორების ჩამოსვა რამდენჯერმე გადაიდო. ამასთან, პროექტზე ძირითადად, უცხოეთიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, რაც პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა.

როგორც ავთანდილ მაისურაძე ამბობს, ინვესტორები ახლახანს ჩამოვიდნენ და სავარაუდოდ, წარმოება ერთ თვეში დაიწყება.

ცნობითვის, სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ავთანდილ მაისურაძე ასევე წარმოადგენს კომპანია AntGeo-ს, რომლის საქმიანობაც ბადეებისა და სარწყავი სისტემების დამონტაჟებაა. კომპანიამ შეისწავლა არა მხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ მთლიანი რეგიონის საჭიროებები, შესაბამისად, ის მეზობელი ქვეყნების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.

ავთანდილ მაისურაძის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საწარმოში კი, მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს.

„ბადეების წარმოება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ დავიწყეთ. ამის მიზეზია პანდემია. კოვიდის გამო თურქეთიდან პარტნიორების ჩამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო. თუმცა, ახლა იყვნენ ჩამოსულები და ალბათ, ერთ თვეში დავიწყებთ.

შეკვეთები კი გვიანდება, მაგრამ ... ხელოსნები და სპეციალისტები საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ და დროში გაიწელა“,- განაცხადა ავთანდილ მაისურაძემ.

ნინი ქეთელაური