ევროკავშირი და EBRD „პროკრედიტ ბანკის“ საშუალებით ქართული  კომპანიებისათვის დაფინანსებას ზრდიან

EBRD 10 მილიონ ევროს სესხს გამოუყოფს „პროკრედიტ ბანკს“ ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, ხოლო ევროკავშირი ამ დახმარებას შეავსებს მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ აცნობა.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, EBRD და ევროკავშირი აფართოებენ საქართველოში მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერას, EBRD–ის 10 მილიონ ევროს სესხს გამოყოფს ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მსესხებლები მიიღებენ გრანტს და კონსულტაციას, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული

„საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი მხარდაჭერის წყალობით.

EBRD გამოუყოფს 10 მილიონ ევროს სესხს „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, ხოლო ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70 პროცენტი დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, მხოლოდ საქართველოში, 170-მდე კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში - წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე.

სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს EBRD–ის ფინანსურმა ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟმა, ხოლო პროკრედიტ ბანკის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ და დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, EBRD-ის 2021 წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში. თითქმის 50 სხვადასხვა აქტიური პროექტით, რომელთა ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერია. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც შეიქმნა 30,000 ახალი სამუშაო ადგილი და სავარაუდოდ 400 მილიონი ევრო დამატებითი შემოსვლის მიღება. EU4Business არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19 პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას, არაერთი პროგრამა იღებს დამატებით ფინანსებს და ამარტივებს დასაშვებობის კრიტერიუმებს, რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.

„პროკრედიტ ბანკი საქართველო“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე გერმანიაში, ოპერირებს. განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომელიც დაფუძნდა მაინის ფრანკფურტში, გერმანია. პროკრედიტ ბანკი საქართველო 1999 წლიდან საქმიანობს საქართველოს საბანკო სექტორში. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანია გრძელვადიანი განვითარების გეგმის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და იმ ფიზიკური პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა, რომლებსაც თანხების დაზოგვის შესაძლებლობა აქვთ და თავისი საბანკო ოპერაციების დისტანციურად შესრულებას ამჯობინებენ.

განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი საბანკო ოპერაციებს დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს. ეს მიდგომა მოიცავს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას. ბანკი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავისი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედებას და ყველა ძალისხმევას იყენებს ამ ზემოქმედების შესამსუბუქებლად“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.