ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო.

თუმცა პორტალზე "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება. პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალი არ ფიქსირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პორტალი ჰაკერული დაზიანების შემდეგ ჯერჯერობით ტესტურ რეჟიმში მუშაობს.

"მალე პორტალი სრულად გაიმართება და "სინოფარმით" რეგისტრაცია დაიწყება", - განაცხადა გამყრელიძემ.

6 ივლისს 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გაითიშა, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.