საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი 86 373 ცალი ყალბი აქციზური მარკა გაასაღეს, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200(1)მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.