ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საჭიროებებს განმარტავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საჭიროებებს განმარტავს. როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტი 19 მილიარდ 498, 8 მილიონი ლარით განისაზღვრება.

„როგორც მოგეხსენებათ, აპრილის თვიდან ჩვენ უკვე გვაქვს აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი ეკონომიკაში და შესაბამისად, ეს გამოიხატა ეკონომიკურ ყველა პარამეტრში - ეს არის ექსპორტის და იმპორტის ზრდა, ეს არის ფულადი გადმორიცხვების ზრდა, ეს არის საწარმოთა ბრუნვების ზრდა. აპრილის თვეში დაფიქსირდა 45%-მდე ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა ორნიშნა დონეზე, 11, 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელება. ცვლილებები ხორციელდება ძირითადად 3 მიმართულებით, ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსებას და ეკონომიკის მწარმოებლურ სექტორებში ახალი პროექტების გაჩენას და ასევე, არის კოვიდის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ღონისძიებები. უშუალოდ დეფიციტთან მიმართებაში, ახალი პროექტით დეფიციტის ოდენობა მცირდება 7, 5%-დან 6,9%-მდე. საგარეო ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 60%-დან მცირდება 54,6%-მდე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტში ასევე რჩება პოზიტიური სცენარით განვითარების შესაძლებლობა.

“პოზიტიური სცენარის შემთხვევაში, რომლისკენაც ფაქტობრივად მივდივართ, ეს არის 10,2%-იანი ზრდა, ხოლო ვალის მაჩვენებელი ჩამოდის 53%-მდე, მშპს-სთან მიმართებაში ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 6.2%-მდე. წარმოდგენილი პროექტით, შემოსავლების ნაწილი იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით, საიდანაც 720 მილიონი ლარი არის საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ხოლო ხარჯვის ნაწილი იზრდება 1 მილიარდ 114,3 მილიონი ლარით და განისაზღვრება ბიუჯეტი სულ 19 მილიარდ 498, 8 მილიონი ლარით. დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია კოვიდის მართვის ნაწილში. ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446 მილიონი ლარით, ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75 მილიონი ლარი. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფისთვის დამატებით მიემართება 35 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამებისთვის 117 მილიონი ლარი, ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55 მილიონი ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის - 220 მილიონი ლარი, განათლების დაფინანსება იზრდება 40 მილიონი ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30 მილიონი ლარით. დამატებით, 30 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად დასრულებას მოხმარებას. თითოეულ ამ მიმართულებაზე უკვე ხვალიდან შეგვეძლება პარლამენტში დეტალურად ვისაუბროთ. საბოლოო ჯამში აღნიშნული ცვლილებები შესაძლებლობას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესს და ამავდროულად ეფექტურად ვმართოთ კოვიდპანდემია“, - განაცხადა ხუციშვილმა.