საქართველოს ბიუჯეტი ვალების აღების ხარჯზე იზრდება

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წლის 5 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსულობებმა ჯამში 7,977 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შემოსულობების 59% შემოსავლებზე მოდის, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში შემოსავლების სახით ბიუჯეტში 4,704 მლრდ ლარი შევიდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მთლიან შემოსულობებში შემოსავლების წილი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 66.8%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 89.5%-ს.

შესაბამისად, გამოდის რომ ბიუჯეტის ზრდა დიდწილად ახალი ვალების აღების ხარჯზე ხდება, რაზეც მოწმობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის ვალდებულებების ზრდა 3,217 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 40.3%-ს შეადგენს. არადა ისიც ფაქტია, რომ 2020 წელს ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 31.7%-ს, ხოლო 2019 წელს მხოლოდ 9%-ს შეადგენდა.

ნოდარ სირბილაძე