„თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ, რომ ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, ეს უფრო ცუდია“

„თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ, რომ ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, ეს უფრო ცუდია,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მანვე ლარის კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის რყევას გაცილებით უფრო მარტივი მიზეზები აქვს, ვიდრე მაკროეკონომიკური მიზეზებია.

„ლარის კურსის დიდი სპეციალისტი არა ვარ და მგონი, ვერც სხვამ ამოხსნა, ან რატომ გამყარდა, ან რატომ გაუფასურდა. მაგრამ როგორც კი ახლო წარსულს გადახედავთ, როგორც კი პოლიტიკური ვითარება იძაბება, ხალხი ცდილობს უცხოურ ვალუტაში ჰქონდეს დანაზოგი. ვფიქრობ, ლარის რყევას გაცილებით უფრო მარტივი მიზეზები აქვს, ვიდრე მაკროეკონომიკური მიზეზებია. ქვეყნისა და ლარის კურსის სტაბილურობისთვის ჩვენ უნდა დავსახოთ, რა თანხა გვჭირდება და ამ თანხის მისაღებად რამდენპროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა საჭირო.

მაგალითად, თქვენ იცით, რომ თქვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის კონკრეტული თანხაა საჭირო და ამისთვის უნდა განსაზღვროთ, რამდენი პროცენტით უნდა გაზარდოთ შემოსავალი. თორემ შრომა შეიძლება გაზარდოთ 10-20%-ით, მაგრამ ის თანხა ვერ შეაგროვოთ, რომელიც საჭიროებების უზრუნველსაყოფად გჭირდებათ. ამიტომ ჩვენ ქვეყნის მასშტაბით უნდა განვსაზღვროთ, რა გვჭირდება, რა არის ჩვენი მიზანი და ამისთვის რამდენპროცენტიანი ზრდაა საჭირო.

სხვაგვარად გამოდის, რომ ვატყუებთ ერთმანეთს, რომ 40%-ით გაიზარდა ეკონომიკა, მაშინ რატომ ვართ ასე ცუდად?! გამოდის, რომ 500%-იანი ზრდა გვჭირდება. თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ იმ შედეგს, რომ ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, ეს უფრო ცუდია, ვიდრე პატარა ზრდა. ეს არის სწორი ეკონომიკური ფორმულა და არა სიტყვების ბრახაბრუხი მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ესა თუ ის პარტია ამის გამო ავირჩიოთ. ასე რომ, ეს სიტყვების ბრახაბრუხი ჩემზე არ მოქმედებს. სხვებზე შეიძლება მოქმედებდეს,“-აღნიშნა ჭყონიამ.