რა იცვლება Amazon-ში ბეზოსის ეპოქის დასრულების შემდეგ - ლიდერობის განახლებული პრინციპები კომპანიისგან

დღეს, 5 ივლისს ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს, ხელმძღვანელობას Amazon Web Services- ის გენერალურ დირექტორს ენდი იასის გადასცემს.

ბეზოსის წასვლამდე კი Amazon-მა ”ლიდერობის პრინციპებს”, ანუ ბიზნეს რწმენის ჩამონათვალს, რომლითაც თანამშრომლებმა უნდა იხელმძღვანელონ, ორი ახალი პუნქტი დაუმატა.

კომპანიას წარმატების მიღწევისთვის და ლიდერობისთვის რამდენიმე პრინციპი ჰქონდა გაწერილი, რომლის შესრულებაც ნებისმიერი მათი თანამშრომლის მოვალეობაა. ბევრი პრინციპი, მაგალითად, როგორიცაა მომხმარებელზე დაკვირვება და პროცესების გამარტივება და ა.შ. Amazon-ის დაარსების დღიდან არსებობს. ახალი პრინციპები კი სრულიად განსხვავებულია.

”ისწრაფე იყო საუკეთესო დამსაქმებელი დედამიწაზე” - Amazon-ის ერთ-ერთი ახალი პრინციპია. კომპანია მოუწოდებს მენეჯერებს, "ყოველდღე იმუშაონ უფრო უსაფრთხო, პროდუქტიული, მრავალფეროვანი და სამართლიანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად".

ეს შეესატყვისება იმას, რაც ჯეფ ბეზოსმა თავის ბოლო წერილში აღნიშნა. წლის დასაწყისში ბეზოსმა აქციონერებს მიმართა და მოუწოდა, რომ მათი თანამშრომლების შრომა მეტად დაეფასებინათ.

”წარმატებასა და მასშტაბურობას დიდი პასუხისმგებლობა მოაქვს” – კიდევ ერთი ახალი პრინციპი. ”ავტოფარეხში დავიწყეთ, მაგრამ იქ აღარ ვართ. ჩვენ დიდი ვართ, გავლენას ვახდენთ სამყაროზე და სრულყოფილებისგან საკმაოდ შორს ვართ. უნდა ვიყოთ თავმდაბლები და ვიფიქროთ ჩვენი ქმედებების შედეგებზე”, – წერია კომპანიის ბლოგში.

Amazon-ს მისი პრინციპების სია 2015 წლის შემდეგ არ განუახლებია. მაშინ კი მხოლოდ მე-14 პრინციპი დაამატეს: “ისწავლე და იყავი ცნობისმოყვარე”. - ასე ჟღერდა მაშინ ახალი წესი.

ცნობისათვის, Amazon- ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ოფიციალურად 5 ივლისს გადადგება და ხელმძღვანელობას Amazon Web Services- ის გენერალურ დირექტორს ენდი იასის გადასცემს. ამის შემდეგ ბეზოსი იქნება Amazon- ის აღმასრულებელი თავმჯდომარე, რაც მას საშუალებას მისცემს, მეტი დრო დახარჯოს "ახალ პროდუქტზე და ადრეულ ინიციატივებზე, რის განხორციელებასაც აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა - წერია ჯეფ ბეზოსის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში თანამშრომლებისთვის ელ.ფოსტით გაგზავნილ წერილებში.

თეონა რამაზაშვილი