შრომის ინსპექციამ „ტაბელის“ ცხრილის წარმოებაზე 74 კომპანია შეამოწმა - როგორია შედეგები

ახალი შრომის კოდექსის თანახმად, 1-ლი მარტიდან საქართველოში ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა დაევალა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ასრულებენ, თუ არა კომპანიები ვალდებულებას და როგორია მონიტორინგის შედეგები ახალი წესის ამოქმედებიდან 4 თვის თავზე.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შრომის ინსპექციაში განუცხადეს, ამ დროისთვის უწყებამ უკვე 74 კომპანია შეამოწმა, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დარღვევა კი 28 ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე გამოვლინდა.

,,სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესზე გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს 74 ობიექტი შეამოწმა. შემოწმებული 74 ობიექტიდან 65-თან მიმართებით, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარება უკვე დაასრულა. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, 65 ობიექტიდან სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დარღვევა 28 ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე გამოვლინდა. კერძოდ, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა წარმოებული იყო დარღვევებით. პირველ ჯერზე გამოვლენილი დარღვევების ტიპი სანქციებს შორის არჩევანს ითვალისწინებდა. დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სახდელის სახით განისაზღვრა გაფრთხილება”- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში.

შეგახსენებთ, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლების სამუშაო დრო ყოველთვიურად უნდა აღრიცხონ და დასაქმებულს გადაუგზავნონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა "სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე", ეს შეუძლებელია. შესაბამისი დოკუმენტი ჯანდაცვის მინისტრმა 12 თებერვალს დაამტკიცა.

თამარ მუკბანიანი