საქართველო კიდევ ერთმა საერთაშორისო ბრენდმა დატოვა - „მიზეზი ბრენდის პოლიტიკაა“

საქართველო კიდევ ერთმა საერთაშორისო ბრენდმა დატოვა. საუბარია ამერიკულ GAP-ზე, რომელსაც თბილისში ერთი მაღაზია ჰქონდა.

,,Gap-ის მაღაზია თბილისში ერთი კვირის წინ დაიხურა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად მაღაზიის დახურვისა, თანამშრომლები სხვა მაღაზიებში გადაანაწილეს და უმუშევრად არავინ დარჩენილა.

,,Gap-ი საქართველოში ერთი მაღაზიით იყო წარმოდგენილი, რომელიც ერთი კვირის წინ დაიხურა. მიზეზი ბრენდის პოლიტიკაა, რომელითაც ევროპაში მაღაზიებს ხურავს და ონლაინ ვაჭრობაზე გადადის. ცხადია, ამ მხრივ ვერც საქართველო იქნებოდა გამონაკლისი.

ახლა, საქონელი ლიკვიდაციის რეჟიმით იყიდება. რადგან მაღაზია დახურულია, ერთგვარი აუთლეტით და არა, ბრენდის ქვეშ. მაღაზიის დახურვამდე დიდი ხნით ადრე გვქონდა ინფორმაცია, ამიტომ თანამშრომლები არ გაგვიშვია და სხვა მაღაზიებში გადავანაწილეთ“- განაცხადა მაღალაშვილმა.

ინფორმაციისთვის, Gap მსოფლიოში სიდიდით მესამე მაღაზიათა ქსელია, ესპანური Inditex-ისა და შვედური H&M-ის შემდეგ. კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბრუნოში ბაზირებული კომპანია 1969 წელს დონალდ ფიშერმა მეუღლესთან ერთად დააარსა.

გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი Gap იტალიასა და საფრანგეთში მაღაზიებს ყიდის. Gap ევროპაში, ზოგადად, ამცირებს თავის წარმომადგენლობას და ხარჯების შემცირების მიზნით ონლაინ გაყიდვებზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზრიდან რამდენიმე ბრენდი გავიდა, მათ შორის, იყვნენ: Wallis-ი, F&F-ი, Jennyfer-ი. აღნიშნული ბრენდების გასვლის მიზეზი პანდემია არ ყოფილა და გადაწყვეტილება კომპანიებმა ბევრად ადრე მიიღეს, ამ ბრენდების გლობალური სტრატეგიის ცვლილების შესაბამისად.

თამარ მუკბანიანი