პუტინმა ფრანგული დასახელება „შამპანური“ ფრანგი იმპორტიორებისთვის აკრძალა და რუსულ სასმელს მიაკუთვნა

ფრანგული შამპანურის სახლის ქსელი Moet Hennessy რუსეთში ექსპორტირებული ბოთლების ეტიკეტზე „შამპანურის“ წარწერას „ცქრიალა ღვინით“ შეცვლის. სააგენტო Bloomberg წერს, რომ კომპანიას ეს მომარაგების დროებითი შეწყვეტის ფასად დაუჯდება, რადგან ლოგისტიკის კორექტირება დროს მოითხოვს.

Moet Hennessy-ის ეტიკეტის კორექტირება ვლადიმირ პუტინის 2 ივლისის ბრძანებულებამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც „შამპანურად“ მხოლოდ რუსეთში წარმოებული სასმელი უნდა იქნეს მოხსენიებული.

ძალაში შევიდა ცვლილებები 171-ე ფედერალურ კანონში „ალკოჰოლური სასმელების რეგულირების შესახებ“, რომლის მიხედვითაც დაცული გეოგრაფიული და ადგილწარმოების დასახელების ღვინოების კლასიფიკაცია რუსეთის ღვინის პროდუქტების დაცვის ეროვნული სისტემის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომელიც მხოლოდ რუსულ ღვინოებს ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ფრანგულ რეგიონ შამპანის მწარმოებლები, რომლებიც Moet Hennessy-ს ამ პროდუქციით ამარაგებენ, იძულებული ხდებიან, სასმელზე მშობლიური დასახელება „შამპანურის“ ნაცვლად, „ცქრიალა ღვინო“ წააწერონ, რუსეთში ჩამოსხმულ ღვინოს კი ეს შეზღუდვა არ შეეხება.

იმპორტიორმა კომპანიებმა უნდა მოახდინონ ხელახალი სერტიფიცირება და ეტიკეტის შეცვლა უკანა მხარეს ახალი ფორმულირების დატანით. თავიდან Moet Hennessy-ში შამპანურზე მისი ფრანგული წარმომავლობის მაჩვენებლის აკრძალვამ უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიაში იმასაც აცხადებდნენ, რომ რუსეთში ჩამოსხმულ შუშხუნა ღვინოს „შამპანური“ კი არა, „პუტინის შამპანური“ უნდა ეწოდებოდეს.

ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რუსეთში ყოველწლიურად 50 მლნ ლიტრი ცქრიალა ღვინო შედის, რომლის 13% ფრანგული შამპანურია. აქედან Moet Hennessy-ის წილი 2 %-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ