ყაზახეთში წყალბადის წარმოებისთვის მზის და ქარის ენერგიას გამოიყენებენ

გერმანული კომპანია „სვევინდი“ ყაზახეთში დიდი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის მიზანიც, წყალბადის მასობრივი წარმოებაა. პროექტის ფარგლებში, ყაზახეთის სტეპებში მზის და ქარის ფერმები აშენდება, რომელთა ჯამური გამომუშავება, 45 გიგავატი ელექტროენერგია იქნება. პროექტი წლიურად დაახლოებით 3 მილიონი წყალბადის ენერგიის წარმოებას ითვალისწინებს.

მსგავსი პროექტების განხორციელება ავსტრალიასა და ბრაზილიაშიც იგეგმება. მაგრამ ყაზახური პროექტი, ორივეზე გაცილებით დიდია - ავსტრალიურზე ორჯერ და ბრაზილიურზე - ხუთჯერ. ამასთან, ავსტრალიურ პროექტს, რომელსაც აზიის განახლებადი ენერგიის ჰაბი ახორციელებს, ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრი მიუღებლად მიიჩნევს.

ამჟამად მსოფლიოში წყალბადის მწარმოებელი ყველაზე დიდი საწარმო - „ეარ ლიკვიდი“, კანდაში მუშაობს. მისი ელექტროლიზის დანადგარების ჯამური სიმძლავრე 20 მეგავატს აღწევს. „სვევინდის“ პროექტის მიხედვით კი ელექტროლიზის დანადგარების სიმძლავრე 30 გიგავატს მიაღწევს.

„სვევინდის“ პროექტი ჯერ ადრეულ ეტაპზეა. გერმანულმა კომპანიამ, ყაზახეთის ინვესტირების ეროვნულ კომპანიასთან, ჯერ მხოლოდ წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა. ამასთან, პროექტი უკვე შეთანხმებულია ყაზახეთის მთავრობასთან. პროექტის შემუშავების, საინჟინრო გეგმის შედგენას და ფინანსური მხარის მოგვარებას, სავარაუდოდ, სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება. დაახლოებით ხუთი წელია საჭირო მშენებლობაზე.

პროექტისთვის ყაზახეთის შერჩევას რამდენიმე მიზეზი აქვს. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანას უზარმაზარი ტერიტორია აქვს და მასზე დასახლების სიმჭიდროვე ძალიან დაბალია. ტერიტორიის დაახლოებით მესამედი, უსასრულო სტეპს უკავია. ეს კი პაკისტანის ტერიტორიაზე მეტია. ამასთან, რეგიონში ყაზახეთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა, მეტწილად ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული.