ინვესტორებს სიდნეის აეროპორტის შეძენა 17 მლრდ დოლარად სურთ

ინვესტორთა ჯგუფს ავსტრალიის უდიდესი, სიდნეის აეროპორტის შესყიდვა 22,3 მლრდ ავსტრალიურ დოლარად (17 მლრდ აშშ დოლარად) სურს. ამის შესახებ აეროპორტის ოპერატორმა კომპანია Sydney Airport-მა პრესრელიზი დღეს გაავრცელა.

ინვესტორები აეროპორტის ოპერატორ კომპანიას თითო აქციაში 8,25 აშშ დოლარს სთავაზობენ. ეს 42%-ით მეტია, ვიდრე ფასიანი ქაღალდების ღირებულება პარასკევს, ბაზრის დახურვის დროს იყო. თუმცა ფასი პანდემიამდელ დონეზე ნაკლებია, რადგან 2019 წლის ბოლოს კომპანიის თითო აქცია, დაახლოებით, 9 დოლარი ღირდა.

დღეს Sydney Airport-ის აქციები 33.9%-ით გაიზარდა და 7.78 დოლარი შეადგინა. Bloomberg წერს, რომ კომპანიის ვალის გათვალისწინებით, გარიგების პოტენციური ღირებულება 30.4 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე იყო 2002 წელს, როცა ავსტრალიის ხელისუფლებამ სიდნეის აეროპორტი 5.6 მლრდ დოლარად გაყიდა.

ინვესტორთა კონსორციუმში შედიან ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ფონდები - IFM Investors და Global Infrastructure Management, ასევე, საპენსიო ფონდი Qsuper.

„სიდნეის აეროპორტის შეძენა, შესაძლოა, ავსტრალიური კომპანიის შთანთქმის ყველაზე მსხვილი გარიგება გახდეს. აეროპორტის ოპერატორის მიმართ ასეთი ინტერესი მეტყველებს ინვესტორთა რწმენაზე, რომ კორონაპანდემიური კრიზისისგან გლობალური ტურიზმი სწრაფად აღდგება,“ - წერს Bloomberg.

პანდემიამდე სიდნეის აეროპორტი თვეში, დაახლოებით, 4 მილიონი მგზავრს იღებდა, მაგრამ გასული წლის მარტში სამგზავრო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა, როცა ავსტრალიის ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენები, თითქმის, მთლიანად შეაჩერა და მოგზაურობის შეზღუდვები დააწესა.

Bloomberg-ის პროგნოზით, ავსტრალიის საზღვრები 2022 წლის შუა რიცხვებამდე დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა ნელა მიმდინარეობს.

დღევანდელი პრესრელიზის მიხედვით, კომპანია Sydney Airport აპირებს, შეაფასოს, ასახავს თუ არა „შეთავაზებული წინადადება აეროპორტის საბაზო ფასს".

მოამზადა ლადო სულაბერიძემ