ჰაკერებმა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან პარასკევს განხორციელებულ მასობრივ კიბერთავდასხმაში, გუშინ, გვიან ღამით დაშიფრული მონაცემების აღსადგენად 70 მლნ დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს. ინფორმაცია ე.წ. ბნელ ვებგვერდზე გავრცელდა, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ეყრდნობა.
მოთხოვნა განთავსდა ბლოგზე, რომელსაც, როგორც წესი, კიბერდანაშაულებრივი ბანდა REvil იყენებს. ეს რუსეთთან დაკავშირებული, ნომერ პირველი კიბერ-გამომძალველი ჯგუფია.
ბანდას აქვს შვილობილი სტრუქტურა, რაც ზოგჯერ ართულებს იმის გარკვევას, თუ ვინ ლაპარაკობს ჰაკერების სახელით. თუმცა, კიბერუსაფრთხოების ფირმა Recorded Future-ის წარმომადგენლის, ალან ლისკას თქმით, ბოლო შეტყობინება „თითქმის უტყუარად“ REvil-ის მმართველ რგოლს ეკუთვნის.
REvil-ის ბანდა მაიამიში დაფუძნებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფირმა Kaseya-ში შეიჭრა და ასობით კორპორატიული კლიენტისთვის მისი წვდომა დაარღვია, რის შედეგადაც ჯაჭვური რეაქცია დაიწყო და მთელ მსოფლიოში ათასობით კომპიუტერი პარალიზებული გახდა.
Kaseya-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ გამოსასყიდის შესახებ იცოდა.
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა შაბათს გასცა განკარგულება, რომ სპეცსამსახურებმა გამოიძიონ, თუ ვინ დგას გლობალური ჰაკერული თავდასხმის უკან. გამძიებას FBI და აშშ-ს კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო ატარებენ.
„თუ ეს რუსეთის ორგანიზებით ან გავლენით არის გაკეთებული, აშშ შესაბამისად უპასუხებს და მე ამის შესახებ პუტინი ჟენევაში გავაფრთხილე,“ - განაცხადა კებერთავდასხმიდან მეორე დღეს, ჯო ბაიდენმა.
კიბერუსაფრთხოების ფირმა Huntress Labs ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მომხდარში თავიდანვე რუსულ კიბერჯგუფი Revil-ს ადანაშაულებდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ