რუსეთში ტანსაცმლის მსხვილმა მწარმოებლებმა გაყიდვები შეაჩერეს

რუსეთში ტანსაცმლის მსხვილმა მწარმოებლებმა გაყიდვები შეაჩერეს, რის მიზეზადაც ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისსა და დოლარი-ევროს მაღალ კურსს ასახელებენ.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მაღაზიებში საკუთარი პროდუქციის გაყიდვები ბაზრის ისეთმა მსხვილმა მოთამაშეებმა შეაჩერეს, როგორიც კომპანია ”ინდიტექსია”, რომელიც ”ზარას”, ”ბერშკასა” და ”ოიშოს” აერთიანებს, ასევე ”კელვინ კლაინის”, ”არმანი ჯინსის”, ”მაიკლ კორსისა” და ”ტოპშოპის” ქსელის მმართველმა კომპანია BNS Group-მა.

BNS Group-ის დირექტორის დენის ბოგატირიოვის განცხადებით, კომპანიამ იძულებითი პაუზა ამ წლის ბოლომდე, ანუ 2015 წლის პირველ კვირამდე აიღო. ”შესყიდვის ფასი ვირტუალურია, არავინ იცის, რა კურსით მოახდინოს დათვლა”, - აღნიშნა დენის ბოგატირიოვმა. BNS Group-ის დირექტორმა ასევე განმარტა, რომ კომპანიები ჯერჯერობით არ ცვლიან რუბლს სხვა ვალუტაზე და აყოვნებენ შეკვეთებისა და მიწოდების გადახდებს. იმავე რესპონდენტის თანახმად, რუბლის ახლანდელი კურსის გამო, გამყიდველ კომპანიებს, შესაძლოა, ახალი კოლექციების შესაძენი ფული არ დარჩეთ.

რუსული მედიის ცნობით, გარკვეული პრობლემები წარმოიშობა იჯარის გადახდაშიც. რეგიონებში კომპანიებმა იჯარის გადავადება რამდენიმე თვით ითხოვეს. მომავალი წლისთვის ფეხსაცმლის ყიდვები 20%-ით შეამცირა კომპანია Zenden-მაც.

რამდენიმე დღის წინ რუსეთში არსებული სავალუტო კრიზისის გამო, ფასების გადახედვამდე რუსეთში ავტომობილების მიწოდება შეაჩერეს ისეთმა მსხვილმა ავტოკომპანიებმა, როგორებიც ”ფოლკსვაგენი”, ”ბენტლი” და ”იაგუარი” არიან.

მოსკოვის ბირჟაზე ადგილობრივი დროით 14.57 საათზე ერთი დოლარის ღირებულებამ 59,4 რუბლი შეადგინა, ერთი ევროს ფასმა კი - 72,5 დოლარი.