მსოფლიოში სატაცურის მზარდი ბაზრისთვის კულტივირების დღევანდელი ფართობი არასაკმარისია

იტალიაში სატაცურის ბაზრის ზრდის პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. ამის შესახებ სატაცურის IV საერთაშორისო დღის ორგანიზატორები იუწყებიან. ღონისძიება იტალიის ქალაქ რიმინში 7-დან 9 სექტემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Macfrut-ის ფარგლებში გაიმართება.

FruitNews-ის მონაცემებით, იტალიაში სატაცური, დაახლოებით, 9 500 ჰექტარ ფართობზე მოჰყავთ. მოსავლის ძირითადი რეგიონებია აპულია, სადაც სატაცურის მთლიანი გაშენებული ფართობის 50%-ია, ვენეტო - 20%-ითა და ემილია-რომანია - 8%-ით.

მზარდი დინამიკაა სატაცურის რეალიზაციაშიც, რადგან იზრდება მომხმარებლის მოთხოვნა ყველა სახის სატაცურზე - მწვანეზე, თეთრსა და მეწამულზე. იზრდება მოთხოვნა უცხოურ ბაზრებზეც.

2020 წელს, COVID-19-ის გამო, კვების ობიექტების დახურვის შემდეგ ამ კულტურის მოხმარება შემცირდა. მხოლოდ ფართომასშტაბიანმა საცალო ვაჭრობამ და ექსპორტმა შეუნარჩუნა სატაცურს გაყიდვების ძველებური დონე.

მსოფლიოში სატაცურის კულტივირების ფართობი 215 ათასი ჰექტარია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თეთრ და მწვანე სატაცურზე გლობალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამისთვის, პროგნოზების თანახმად, 270 ათასიდან 280 ათასი ჰექტარი ფართობია საჭირო.

მსოფლიოში სატაცურის უდიდესი მწარმოებელი ჩინეთია, სადაც ეს კულტურა 93 ათას ჰექტარზე მოჰყავთ. შემდეგ მოდის მექსიკა 29 ათასი ჰექტრითა და პერუ - 22 ათასი ჰექტარ ფართობით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ