ქართველი მომხმარებლის ფავორიტი ბრენდები

პოპულარული ბრენდების სია, რომლებმაც bpn.ge-ის გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს

რამდენიმე დღის წინ bpn.ge-მ მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, სახელწოდებით - ”5 ქართული ბრენდი, რომელიც პირველ რიგში გახსენდებათ”. ჩვენი მკითხველები აქტიურად ჩაერთნენ ამ გამოკითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ სახუმარო კომენტარებიც მივიღეთ, (მაგალითად: ”ჯულიეტას არაყი”, ”მეფრინველეობის ფაბრიკა აირზენა”, ”მეორადი ტანსაცმელი ევროპიდან” და ა.შ...) რესპონდენტების უმრავლესობა სერიოზულად მოეკიდა გამოკითხვას. ჩვენმა მკითხველებმა რჩეულთა შორის დაასახელეს - ”ბორჯომი”, ”ნაბეღლავი”, ”ზედაზენი”, ”მაგთი”, ”ჯეოსელი”, ”მედიაპალიტრა” და სხვა კომპანიები, რომლებიც მხარს უბამენ თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს და მომხმარებელთა შორის პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენც სწორედ ამ გამოკითხვაზე დაყრდნობით შევადგინეთ თანამედროვე, პოპულარული ბრენდების სია, რომლებმაც bpn.ge-ის გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს და მოკლე დროში შეძლეს თავიანთი ადგილის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე.

1. მკითხველებმა პოპულარულ ბრენდებს შორის არაერთხელ დაასახელეს საუკეთესო ქართული ღვინო ”ბადაგონი”. 2010 წელს, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ გარდენზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, "დეკანტერის" გამარჯვებულად სწორედ ღვინო ”ბადაგონი” დასახელდა და მის მწარმოებლებს ჟიურის უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი გადასცეს. ”ბადაგონი” ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულში შევიდა, რითაც კიდევ ერთხელ გაუთქვა სახელი ქართული ღვინის ინდუსტრიას. ამ კონკურსზე მსგავსი მაღალი ჯილდო ქართული ღვინის კომპანიას პირველად მიანიჭეს.

2. ჩაი ”გურიელი ექსპორტი” პოპულარულია როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ეს ჩაი მოყვანილია დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ”გურიელი ექსპორტი” გაყიდვაში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. ეკოლოგიურად სუფთა, გამორჩეული გემო, მრავალი სასარგებლო თვისება, ექსკლუზიური შეფუთვა - ეს ყველაფერი გახდა საწინდარი იმისა, რომ ”გურიელის” ჩაის კლასიკურმა ხაზმა უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებლის აღიარება და სიყვარული. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის დამზადებისას კომპანიაში არ იყენებენ ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა და საღებავებს, რის გამოც ”გურიელი ექსპორტი” დიდი მოწონებით სარგებლობს.

3. ”კულას” წვენებს საქართველოში უკვე ყველა იცნობს. ამ პროდუქციას ”გორის საკონსერვო ქარხანა კულა” აწარმოებს. კომპანია ხილისა და ბოსტნეულისაგან ეკოლოგიურად სუფთა წვენებს ამზადებს. ”ოქროს ბრენდი - 2013"-ის დაჯილდოებაზე კომპანია "კულა" გამარჯვებულად დასახელდა და იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებმაც უმოკლეს დროში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. 2013 წელს კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. ”კულამ” პირველივე წელს მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი და ნატურალური წვენების წარმოებაში ლიდერი გახდა. ”კულას” პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ...

4. შპს ”ბარამბო” 2009 წლის 11 მარტს დაარსდა. კომპანიას ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში წარმოების მასშტაბითა და ტექნოლოგიით. უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ და წარმოების მუდმივმა კონტროლმა კომპანიას საშუალება მისცა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებისათვის მიეღწია. დღეს კომპანია ”ბარამბო”-ს ლიდერის პოზიცია უკავია საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. ქართულ ბაზარზე "ბარამბო" უკვე აღიარებული ბრენდია შოკოლადის წარმოებაში.

5. ”ნიკორას” პირველი საფირმო მაღაზია თბილისში 2000 წელს გაიხსნა. მომდევნო წლებში მაღაზიათა ქსელი გაფართოვდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ამჟამად, "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. ”ნიკორას” სუპერმარკეტებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ათასობით მომხმარებელი ჰყავს.

6. ”ნატახტარი”

- სააქციო საზოგადოება ”ლომისის” მიერ წარმოებული ბრენდია. 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ ”თიბისი ბანკისა” და EBRD-ის ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ”ნატახტარი”. 2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით უმსხვილესი კომპანია "ეფესი" დაინტერესდა, რომელმაც ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. კომპანია ”ნატახტარი”, გარდა ლუდისა, რამდენიმე დასახელების ლიმონათსაც აწარმოებს.

7. ”ავერსი”

ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. კომპანია 20 წლის წინ დაარსდა. ცნობილია, რომ ფირმის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, მის დასარეგისტრირებლად მხოლოდ 70 დოლარი გადაიხადა. შემდეგში ”ავერსი” სტაბილურად განვითარდა და იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დღეს ამ კომპანიის სახელს უკავშირდება საკმაოდ მაღალი დონის სააფთიაქო ქსელი საქართველოში. ვერავინ უარყოფს, რომ ”ავერსი” ევროპული დონის სააფთიაქო ქსელის მფლობელია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ასობით ფილიალს აერთიანებს. ”ავერსთან” ასოცირდება უმაღლესი დონის კლინიკათა ქსელიც.

8. კომპანია PSP-ს სერიოზული ადგილი უკავია ქართულ სააფთიაქო ბაზარზე. სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის Paulatim Summa Petuntur მიხედვით დაარქვეს, რაც ქართულად ასე ითრაგმნება - ”ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ”. პე-ეს-პე უკვე 20 წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. თავდაპირველად პე-ეს-პე-ს სადისტრიბუციო კომპანია შეიქმნა, რომელიც საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. კომპანიას ეკუთვნის ფარმაცევტული საწარმო GMP. პე-ეს-პე-ს აფთიაქების ქსელი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება.

9. ქართულ საბანკო სექტორში ”თიბისი ბანკს” გამორჩეული პოზიცია უჭირავს. მისი ისტორია 1992 წელს დაიწყო, როდესაც ქართველმა ბიზნესმენებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკი დააფუძნეს. ბანკის საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა. ”თიბისი ბანკი” თავიდან მთლიანად კორპორატიულ სეგმენტზე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე იყო ორიენტირებული. ქართულ საბანკო სექტორში ბანკის მზარდმა პოზიციამ საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების დაინტერესება გამოიწვია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პირველი საფინანსო დაწესებულება იყო, რომელმაც ”თიბისი ბანკთან” ხელშეკრულება გააფორმა, ამის შემდეგ, ”თიბისიმ” ინტენსიურად დაიწყო მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სავაჭრო სფეროს დასაფინანსებლად სესხები მოიზიდა. ”თიბისიმ” თანდათან უკან ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი და ქვეყნის უმსხვილესი კომერციული ბანკი გახდა.

10. სს ”საქართველოს ბანკი”

1994 წლის 21 ოქტომბერს, ყოფილი "ბინსოცბანკის" ბაზაზე დაფუძნდა. ის ჩვენს ქვეყანაში უმსხვილესი ბანკია აქტივების, სასესხო პორტფელის, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით. ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი აქვს და 1 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშს ემსახურება. ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანსაც სთავაზობს შვილობილი კომპანია "ალდაგის" მეშვეობით.

ხათუნა ჩიგოგიძე

იხილეთ გამოკითხვა