კერძო ბაღებისთვის შესაძლოა, სესხის სუბსიდირების მესამე ეტაპი გამოცხადდეს - „ასიგნებები ჩვენამდე ვერ მოდის“

კერძო საბავშვო-ბაღების დახმარების მიზნით, მთავრობამ შესაძლოა, სესხების სუბსიდირების მესამე ეტაპი გამოაცხადოს. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია „ნათის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, პროექტის როგორც პირველ, ასევე მეორე ეტაპიდან შედეგებს არ ელოდება. გიგი სისვაძის თქმით, მიიღეს პირობა, რომ მათზე მორგებული სუბსიდირების პაკეტი, ერთ თვეში გამოცხადდება.

,,სუბსიდირების მეორე ეტაპზე ჩვენ შედეგს ნაკლებად ველოდებით, რადგან პროექტის მიხედვით ეს ასიგნებები ჩვენამდე ვერ მოდის. ამიტომ, მოვილაპარაკეთ, რომ ბაღებთან დაკავშირებით სესხების სუბსიდირების მესამე ეტაპი გამოცხადდება.

სუბსიდირების მესამე ეტაპის გამოცხადებას ერთ თვეში ველოდებით. მივიღეთ დაპირება, რომ ბაღებთან დაკავშირებით პროგრამაში ისეთი ფილტრები იქნება, რომ სექტორს გვქონდეს ხელმისაწვდომობა. ახლა ძირითადი წინაღობა არის ის, რომ გაცემულია სამომხმარებლო სესხები, რომლის რესტრუქტურიზაციაც მოხდა პანდემიის დროს და ამ მიზეზებით, ჩვენამდე ვერ აღწევს სუბსიდირება“, - ამბობს სისვაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, „აწარმოე საქართველოში“ სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება უკვე დასრულდა. მიმდინარე კვირაში უნდა გახდეს ცნობილი, რამდენმა ბაღმა და რამდენმა სპორტულმა დარბაზმა მიიღო სუბსიდირება.

თამარ მუკბანიანი