Bugatti და Rimac-ი გაერთიანდნენ

რამდენიმეთვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ ორი კომპანია - ფრანგული Bugatti და ხორვატული Rimac გაერთიანდა. ახალი გაერთიანების შედეგად Rimac-ი მიიღებს ამ გაერთიანებული კომპანიის 55%-იან საკონტროლო პაკეტს, დანარჩენს კი Porsche. მაგრამ აღსანიშნავია, რომ Porsche თავის მხრივ, ფლობს Rimac-ის 24%-ს. ახალი გაერთიანებული კომპანიის თავკაცი გახდება Rimac-ის ხელმძღვანელი მატე რიმაცი. ერთობლივი კომპანიის დირექტორთა საბჭოში მნიშვნელოვანი პოსტები ექნებათ Porsche-ს ხელმძღვანელს ოლივერ ბლუმს და მის მოადგილეს ლუც მესხეს.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია Bugatti-ს და Rimac-ის თანამშრომლობის შესახებ, ამ უკანასკნელის თავკაცმა მატე რიმაცმა ბრენდების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ადვილი წარმოსადგენია, რას შეიძლება ველოდოთ ჰიპერქარების მწარმოებელი ორი უძლიერესი ბრენდის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით - „ეს იქნება საუკეთესო ჰიპერქარების მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ბრენდები ცალ-ცალკე იარსებებენ და არც წარმოების ადგილს გამოიცვლიან, ერთი საფრანგეთში დარჩება, მეორე კი ხორვატიაში. თუმცა გაერთიანებული კომპანიის სათავო ოფისი იმუშავებს ხორვატიაში.

გაერთიანების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა Porsche-ს დირექტორის მოადგილე ლუც მესხეც, რომლის თქმით, ფრანგული ბრენდის მომავალი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და რომ ბრენდის მოყვარულებს კომპანია მომავალშიც არ დატოვებს გულგრილს. Porsche-ში ფიქრობენ და სჯერათ, რომ ამ გაერთიანებით Bugatti ფინანსურადაც მიმზიდველი კომპანია გახდება და ამასთან, შეინარჩუნებს იმ ქარიზმას, რომელიც აქამდე მოჰყვება. მისი თქმით, ამ გაერთიანებაში მთავარია, რომ Bugatti-ს არ მოუწევს ახალი რესურსების მოძიება ელექტროფიცირების გზაზე და ბრენდის მაღალი წარმადობის მქონე ელექტრო-ჰიპერქარები ახლა უფრო რეალისტურია.

მიუხედავად ელექტროგეგმებისა, Bugatti შეინარჩუნებს შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მწარმოებლის პროფილსაც.

ფრანგული ჰიპერქარების მწარმოებელი ბრენდის ელექტროფიცირების შესახებ ძალიან კონკრეტული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა, თუმცა ითქვა, რომ Bugatti-სგან სრულიად ელექტრო ჰიპერქარს ამ დეკადის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ.

კოკა კვირკველია