1,25-დან -1,30 ლარამდე - რამდენი ადამიანი იკვებება უფასო სასადილოებში თბილისში და როგორია დღიური ულუფის ღირებულება

დედაქალაქში არსებული უფასო სასადილოებით ძირითადი სიით 40 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს, დამატებით სიით კი - 2 ათასზე მეტი. როგორც თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში ჯამში, 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. რაც შეეხება თითოეული ბენეფიციარის დღიური ულუფის ღირებულებას, რაიონების მიხედვით განსხვავებულია და 1,25-დან 1.30 ლარამდე მერყეობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თბილისში მდებარე უფასო სასადილოებისა და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესახებ.

მერიის მიერ მიოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისნის რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 7 უფასო სასადილო, რომლითაც სარგებლობს ძირითადი სიის 5 080 ბენეფიციარი, ხოლო დამატებითი სიით - 463. ამასთან, ისნის რაიონი უფასო სასადილოს მომსახურების ყოველთვიურად უზრუნველყოფის ღირებულება შეადგენს 196 596 ლარს (30 დღე), 203 149.2 ლარს (31 დღე). ერთი ბენეფიციატის კვების თვიური ღირებულებას 38.7 ლარს (30 დღე); 39,99 ლარი (31 დღე) შეადგენს. რაც შეეხება ერთი ბენეფიციარის დღიური ულუფის ღირებულებას, 1.29 ლარია. ისნის რაიონის ერთი კონტრაქტორი შპს ,,Aladashvili & co” ემსახურება.

გლდანის რაიონში ფუნქციონირებს 9 უფასო მუნიციპალური სასადილო; როგორც მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ძირითად სიის მიხედვით იკვებება 6 625 ბენეფიციარი, დამატებით სიით - 576. ამასთან, ერთი ბენეფიციარის ერთჯერადი კვებითი მომსახურების დღიური ულუფის ფასი 1,30 ლარია. ამავე ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 30 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით, უფასო სასადილოებით მომსახურებისათვის გათვალისწინებულია 3 143 562,50 ლარი. გლდანის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალურ სასადილოებს შპს ,,ელფი“ ემსახურება.

დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 უფასო სასადილო, რომლითაც სარგებლობს 2200 ბენეფიციარი. ერთი ადამიანის კვებაზე დღიურად გამოყოფილია 1,30 ლარი, წლიური ბიუჯეტია 1 049 900 ლარი. დიდუბის რაიონის სასადილოების ბენეფიციარების კვებას უზრუნველყოფს შ.პ.ს. ,,ტანდემი".

საბურთალოს რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 5 უფასო სასადილო. ძირითადი სიით სარგებლობს 1722 ადამიანი. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი განსაზღვრულია 844300 ლარით. თითოეული ადამიანის კვებისათვის დღეში გამოყოფილია 1,3 ლარის ოდენობით. აღნიშნულ 5 სასადილოს ემსახურება 1 კონტრაქტორი.

სამგორის რაიონის გამგეობის ტეროტორიაზე ფუნქციონირებს 11 უფასო სასადილო. 2020 წლის 22 დეკემბრის ხელშეკულების მიხედვით, სარგებლობდა სულ 6088 ბენეფიციარი. ბიუჯეტი შეადგენს 2 888 756 ლარს. ერთი ბენეფიციარის კვებით მომსახურების ფასი 1.30 ლარია; 2021 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებით დაემატა 1442 ბენეფიციარი, თანხა - 602035 ლარი. ერთი ბენეფიციარის კვებით მომსახურების ფასი - 1.25 ლარი. ჯამში, სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე განთავსებული უფასო კვების სასადილოს მთლიანი (2021 წლის) ბიუჯეტი შეადგენს 3 490 791 ლარს. ტერიტორიაზე განთავსებულ უფასო კვების მომსახურების მიმწოდებელია შპს „ილი ჯგუფი“.

ვაკის რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 უფასო სასადილო, სადაც ძირითად სიაში რეგისტრირებულია 1 600 ბენეფიციარი, ხოლო უფასო სასადილოს დამატებით ბენეფიციართა სიაშია - 160. ვაკის რაიონის გამგეობის უფასო სასადილოებს ემსახურება ერთი კონტრაქტორი ორგანიზაცია და თითო ადამიანის დღიური კვება განისაზღვრება 1.30 ლარის ოდენობით.

კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 უფასო სასადილო, რომლითაც სარგებლობს ძირითადი სიით 3540 ბენეფიციარი, ხოლო დამატებითი სიით - 212. კრწანისის რაიონის უფასო სასადილოებისთვის ყოველთვიურად გამოყოფილია 136 998 ლარი (30 დღე), 141 564 ლარი (31 დღე). თითოეულ ბენეფიციარზე გათვლილი დღიური ხარჯი შეადგენს 1,29 ლარს, ხოლო ერთი ბენეფიციარის კვების თვიური ღირებულება შეადგენს 38,7 ლარს (30 დღე); 39,99 ლარი (31 დღე). ამ დროისთვის კრწანისის რაიონში განთავსებულ უფასო სასადილოებს ემსახურება ერთი კონტრაქტორი კომპანია.

მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 უფასო სასადილო. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობს 2 188 ბენეფიციარი. მთაწმიდის რაიონის გამგეობას უფასო სასადილობით მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ერთ კონტრაქტორთან, სახელშეკრულებო ღირებულება კი შეადგენს 1 130 040.00 ლარს.

ნაძალადევის რაიონში განთავსებულია 10 უფასო კვების სასადილო, რომლითაც სარგებლობს ძირითადი სიით 8053 ბენეფიციარი, ხოლო დამატებითი სიით - 592. უფასო სასადილოებისათვის ყოველთვიურად გამოყოფილია საშუალოდ 306 727.80 ლარი. თითოეულ ბენეფიციარზე გათვლილი დღიური ხარჯია 1,30 ლარი. ნაძალადევის რაიონში განთავსებულ უფასო სასადილოებს ემსახურება ერთი კონტრაქტორი კომპანია.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 6 უფასო სასადილო. ძირითადი სიით სარგებლობს 3 600 ადამიანი. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი განსაზღვრულია 138198,00 ლარით. თითოეული ადამიანის კვებისათვის დღეში გამოყოფილია 1,29 ლარის ოდენობით. აღნიშნულ 6 სასადილოს ემსახურება 1 კონტრაქტორი.

ნინი ქეთელაური