McDonald's ახალ სარეკლამო რგოლში მომხმარებლების მიზიდვას სიცილით ცდილობს

McDonald's-ის დიდი ბრიტანეთის განყოფილებამ YouTube-ზე „Fancy A McDonald's“-ის სარეკლამო რგოლი ჩაუშვა, რომელიც მთლიანად სხვადასხვა ინტენსივობის სიცილის სცენებისგან შედგება, დაწყებული ღიმილით და ხარხარით დამთავრებული (https://www.youtube.com/watch?v=ptgVqJ6Bf00&feature=emb_title).

კომპანიის მარკეტინგისა და მედიის დირექტორმა, სტივენ ჰოველსმა Campaign UK-ს განუცხადა, რომ ახალი ვიდეო ხალხს სთავაზობს, თავი დააღწიონ ყოველდღიურ სტრესს და მისგან გათავისუფლების მცირე, მაგრამ მხიარული მომენტით ისიამოვნონ.

წუთიანი ვიდეო ლონდონის სააგენტო Leo Burnett-მა შექმნა. ახალი სარეკლამო კამპანია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტელევიზიებში, სოციალურ მედიაში, გარე მედიასა და რადიო-არხებზე მთელი ზაფხულის განმავლობაში იტრიალებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი 2023 წლიდან ცხიმიანი და არაჯანსაღი საკვების ონლაინ და სატელევიზიო რეკლამირებას დღის საათებში აკრძალავს. თუმცა ბრენდის პოპულარიზაციის შესაძლებლობა ძალაში დარჩება, რადგან აკრძალვა მხოლოდ მსგავს პროდუქტებზე გავრცელდება. მომავალი რეგულაციის ქვეშ კომპანიების ვებსაიტები და სოციალური ქსელების ანგარიშები არ მოხვდებიან.

ამასთან დაკავშირებით McDonald's-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ 2 ივლისს New York Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია გაყიდის ისეთ პროდუქციას, რის ყიდვასაც მყიდველი მოისურვებს. მისი თქმით, თუ მომხმარებელი მოისურვებს ბურგერს, ის მიიღებს ბურგერს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დღეს ბოსტნეულის პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე ქათმისა და საქონლის ხორცი, ამიტომ კომპანია ფასების გათანაბრებას ცდილობს, მაგრამ მომხმარებლის მიერ ხორცის ან ჯანსაღი საკვების არჩევაში ფასი მთავარ როლს არ თამაშობს.

„კომპანია კვების ინფორმაციის მხრივ 100%-ით იქნება გამჭვირვალე, განსაკუთრებით საბავშვო კვების მარკეტინგის სფეროში. საბოლოო ჯამში, არჩევანი კლიენტზეა,“ - აცხადებს კრის კემპჩინსკი.

მისი თქმით, პანდემიამ აიძულა McDonald's, გადახედოს მომხმარებელთან ურთიერთობის სქემას და აქცენტი მიწოდებისა და ციფრული კომერციის განვითარებაზე გააკეთოს. შესაძლოა, რესტორნებმა კურიერებზე შეკვეთების გაცემის ცალკე ზონები შექმნან.

კემპჩინსკი აცხადებს, რომ ადამიანური რესურსი რესტორნების ქსელის მუშაობაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან მუშახელზე ხარჯების დაზოგვასთან შედარებით, ავტომატიზაცია მეტად ძვირი ჯდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ