ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ასევე დაცული უნდა იყოს სასტუმროებში უსაფრთხოების ზომები.

ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის მეორე ნახევარში „ფაიზერის“ საწყისი დოზები იქნება ქვეყანაში და „ფაიზერითაც“ დაიწყება აცრები.

„პირბადე დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე, მაგალითად, დღეს ჩვენი ერთი რეკომენდაცია იყო, რომ თუ იქნება ამ ზაფხულს კონფერენციები, შეკრებები, იქ დაუშვან მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, იგივე სასტუმროებში, რომ სასტუმრო უსაფრთხო იყოს. აუცილებელია, რომ სასტუმროს პერსონალი სრულად იყოს ორჯერადად აცრილი და იმ სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ტარდება სხვადასხვა მიზეზით შეკრება, აუცილებლად იყვნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები. დღეს ეპიდსიტუაციის შეკავების მთავარი გზა გადის აცრებზე. ამიტომ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია არ გართულდეს, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა აიცრას. დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის, ვაქცინები სამყოფი რაოდენობით არის და კიდევ შემოვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორჯერადად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ იმ დაწესებულებაში, სადაც აიცრნენ, ე.წ. კოვიდ სერტიფიკატი მოითხოვონ.

„ყველას, ვინც იცრება და სჭირდება, შეუძლია ამობეჭდოს იმ დაწესებულებაში, სადაც აიცრა, ამოუბეჭდავენ ე.წ. კოვიდ სერთიფიკატს“,-განაცხადა გამყრელიძემ.