მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტების ტოპ-10

მდიდრული მოგზაურობის ოპერატორ კომპანია Unforgettable Travel-ს დააინტერესა, თუ რა სამოგზაურო მიმართულებებს ეძებდა ხალხი ყველაზე ხშირად ინტერნეტით გასულ წელს. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ, ციფრული მარკეტინგის სააგენტო SEO-ს დახმარებით, კვლევა ჩაატარა, რომელსაც CNBC ავრცელებს.

კვლევის შედეგად, Unforgettable Travel-მა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული 135 სამოგზაურო მიმართულების სია შეადგინა და პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენა იმის დასადგენად, თუ რამდენი ადამიანი სტუმრობს თითოეული მიმართულების საიტს ყოველთვიურად.

კვლევის თანახმად, რომელიც მოიცავს გასული წლის მაისიდან მიმდინარე წლის მაისამდე პერიოდის ინტერნეტ-დასერჩვების ანალიზს, მოგზაურობის მსურველებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად მსოფლიოში უმაღლესი ბურჯ-ხალიფას შენობა გამოვლინდა. ამ შედეგმა Unforgettable Travel-ის გუნდი გააკვირვა კიდეც. მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ კოვიდპანდემიური შეზღუდვების ძირითად პერიოდში დუბაი მნახველებისთვის ღია რჩებოდა.

თუმცა ეს კომპანიისთვის პირველი და უკანასკნელი სიურპრიზი არ ყოფილა. Unforgettable Travel-ის გუნდი ისევ გაოცდა, როცა რომის კოლიზეუმის მონახულებას ევერესტის საბაზისო ბანაკში ლაშქრობამ გადაასწრო. ამის მიზეზად პანდემიის პერიოდში გარე და შორეულ სივრცეში სუფთა ჰაერზე მოგზაურობის სურვილს მიიჩნევენ. ამ მხრივ ევერესტის მთის გარდა, 50 საუკეთესო ლაშქრობის ჩამონათვალში შევიდა ტანზანიის კილიმანჯაროს მთა, არიზონაში ჩანჩქერი ჰავასუ, ნორვეგიული ტროლტუნგა, სამხრეთ აფრიკის მაგიდის მთა და ინკების ბილიკი პერუში მაჩუ-პიქჩუს მთისკენ.

ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულების ტოპ 10-ეული ასე გამოიყურება:

  • 1. დუბაის ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენი
  • 2. ნაოსნობა თავისუფლების ქანდაკების გარშემო
  • 3. ნეპალში ევერესტის მთის საბაზისო ბანაკისკენ ლაშქრობა
  • 4. კრუიზი ეგვიპტის ნილეზე
  • 5. პარიზის ეიფელის კოშკზე ასვლა
  • 6. ლას-ვეგასის ზოლის ნახვა
  • 7. სან-ფრანცისკოს ხიდის GOLDEN GATE BRIDGE-ის გადაკვეთა
  • 8. THE EMPIRE STATE BUILDING-ის ხედიდან ნიუ-იორკ სითის დათვალიერება
  • 9. ლუვრის დათვალიერება
  • 10. რომის კოლიზეუმის მონახულება

„მთავარი სიურპრიზი იყო ის, რომ ე.წ. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ზოგიერთი 50-ეულშიც ვერ მოხვდა, მათ შორის ჩინეთის დიდი კედელი, იორდანიის პეტრა და ქრისტეს ქანდაკება ბრაზილიაში,” - აცხადებს Unforgettable Travel-ის მარკეტინგის მენეჯერი ლუკ ჰარვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ