„უახლოეს 5 წელიწადში 50 სხვადასხვა დარგში პროდუქციის წარმოებით ექსპორტის მოცულობას გავაორმაგებთ, სულ მცირე 20%-ით კი თვითუზრუნველყოფის დონეს გავზრდით"

როგორ ვაპირებთ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის განვითარება. ადგილობრივი წარმოება, ქართული ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა ადგილობრივი ბაზრის გაფართოების მიმართულებით. ეკონომიკის მინისტრმა ამ კონტექსტში აქცენტი გააკეთა ქართული წარმოების პროდუქციისთვის საერთაშორისო ხელმისაწვდომობის საჭიროებასა და ამ მხრივ მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ბოლო წლებში იმისთვის, რომ ჩვენი მცირე ბაზარი ხელოვნურად გაგვეფართოვებინა და მეტი გასაქანი მიგვეცა ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის. დღეს საქართველოს 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს არის მსოფლიოს მომხმარებლების დაახლოებით 30%. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ ქვეყნებთან - დიდ ბრიტანეთთან, სამხრეთ კორეასთან, ყურის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ 2025 წელს გვქონდეს უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 51 ქვეყანასთან, 2030 წელს სულ მცირე 57 ქვეყანასთან და ეს იქნება მსოფლიო მოსახლეობის 72%“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, შედეგად ადგილობრივი, ქართული წარმოება იქნება გლობალურად მეტად კონკურენტუნარიანი არამარტო საექსპორტო ბაზრებზე, არამედ ჩვენს შიდა ბაზარზეც ბევრი მიმართულებით გამოდევნის და ჩაანაცვლებს იმპორტს. ამასთან, მისი თქმით, მაღალია თვითუზრუნველყოფის გაზრდის და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ბევრი არასასურსათო წარმოების მიხედვით.

„შესაძლებლობა გვაქვს და დავისახეთ კონკრეტული ამოცანა, რომ ისეთი პროდუქციის მიხედვით, როგორიცაა კერამიკა და მოსაპირკეთებელი მასალები, ზოგადად ადგილობრივი წარმოების საშენი მასალები - დღევანდელი ვითარება, როცა ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მხოლოდ 5% გვაქვს, უახლოეს 5 წელიწადში გავზარდოთ 6-ჯერ და ადგილობრივ ბაზარზე სულ მცირე 30% იყოს ადგილობრივი წარმოება. ლაკ-საღებავები, ელექტროსადენები, ხის მასალები, პლასტმასი, ავეჯი, ლითონის მასალა, ფარმაცევტული პროდუქცია... ჯამში, სულ მცირე, უახლოეს 5 წელიწადში ვფიქრობთ, რომ 50 სხვადასხვა დარგის პროდუქციის წარმოების მიხედვით გავაორმაგებთ ექსპორტის მოცულობას და ასევე სულ მცირე 20%-ით გავზრდით თვითუზრუნველყოფის დონეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.