მთავრობა რთველის სუბსიდირების მოცულობას 100 მლნ ლარით ზრდის

მთავრობა რთველის სუბსიდირების მოცულობას 100 მლნ ლარით ზრდის.

ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 177 მლნ ლარით და განისაზღვრება 628.6 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის 2021 წლის რთველის შეუფერხებელი ჩატარების მიზნით რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული ასიგნებები იზრდება 100 მლნ ლარით და განისაზღვრება 138.4 მლნ ლარით.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე გუშინ წარედგინა. ამასთან, ორიოდე დღის წინ, ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების საჭიროებებზეც ისაუბრა. როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტი 19 მილიარდ 498, 8 მილიონი ლარით განისაზღვრება.

„როგორც მოგეხსენებათ, აპრილის თვიდან ჩვენ უკვე გვაქვს აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი ეკონომიკაში და შესაბამისად, ეს გამოიხატა ეკონომიკურ ყველა პარამეტრში - ეს არის ექსპორტის და იმპორტის ზრდა, ეს არის ფულადი გადმორიცხვების ზრდა, ეს არის საწარმოთა ბრუნვების ზრდა. აპრილის თვეში დაფიქსირდა 45%-მდე ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა ორნიშნა დონეზე, 11, 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელება. ცვლილებები ხორციელდება ძირითადად 3 მიმართულებით, ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსებას და ეკონომიკის მწარმოებლურ სექტორებში ახალი პროექტების გაჩენას და ასევე, არის კოვიდის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ღონისძიებები,“-განაცხადა 5 ივლისს ფინანსთა მინისტრმა.

თაია არდოტელი