პენტაგონმა Microsoft-თან 10 მლრდ დოლარის კონტრაქტი გაწყვიტა

ამერიკის ტექნოლოგიური გიგანტები Microsoft-ი და Amazon-ი პენტაგონის 10 მლრდ დოლარის პროექტისთვის იბრძვიან. თუ ტრამპის ადმინისტრაცია Microsoft-ს სწყალობდა, ბაიდენი უფრო Amazon-ისკენ იხრება. საქმე ეხება ე.წ. ღრუბლოვანი გამოთვლების Joint Enterprise Defense (JEDI)-ის პროგრამით პენტაგონის მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფას.

„ტექნოლოგიურ გიგანტებს პროექტის ღირებულება იმდენად არ აინტერესებთ, რამდენადაც პრესტიჟი, რადგან მრავალი წელია, ცდილობენ, დაარწმუნონ ბიზნესი და მთავრობა, რომ მათ მონაცემთა ცენტრებში ღრუბლოვანი გამოთვლითი მუშაობის გადატანა უსაფრთხოა. ამდენად, თუ პროექტს პენტაგონი მწვანე შუქს აუნთებს, ეს სხვა კორპორატიული და სამთავრობო კლიენტებისთვისაც დადებითი სიგნალი იქნება,“ - წერს სააგენტო Reuters.

ამჯერად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უარით Microsoft გაისტუმრა, რომელსაც 2019 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს პენტაგონმა კონტრაქტი დაუდო და რასაც Amazon ასაჩივრებდა. ამის გამო 2020 წლის თებერვალში პროექტი შეჩერდა. Amazon ამტკიცებდა, რომ ტრამპი სამხედროებზე ზემოქმედებდა, რათა კომპანია პროექტიდან „გაეწიათ.“ თავად მაშინდელი პრეზიდენტი საპასუხოდ Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს საჯაროდ დასცინოდა, მის კომპანიას კი ხშირად აკრიტიკებდა.

Bernstein-ის ცენტრის ანალიტიკოსი, მარკ მიორდლერი აცხადებს, რომ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში Microsoft-მა სტარტი Amazon-ზე გვიან აიღო და მას მერე ცდილობს, კონკურენტ კომპანიას დაეწიოს.

პენტაგონმა პროექტზე ახალი კონკურსი გამოაცხადა და როგორც ანალიტიკოსები მოელიან, კონტრაქტს უფრო Amazon მიიღებს. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: Wedbush Securities-ის ანალიტიკოსი, მაიკლ პაჩტერი აცხადებს, რომ პროექტზე 2-წლიანმა დავამ Microsoft-ს ღრუბლოვან ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის დრო მისცა, რათა ის უკეთესად აეთვისებინა. ამდენად, გამორიცხული არაა, რომ თუ პროექტისთვის კონკურენცია გაგრძელდება, Microsoft უფრო მომზადებული და მომგებიანი პოზიციით გამოვიდეს.

თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლი ცდილობს, პროექტში სხვა მონაწილეებიც ჩართოს და მარტო ერთ ტექნოლოგიურ გიგანტზე დამოკიდებული არ იყოს. პროექტი შესაძლოა, Microsoft-სა და Amazon-ზე თანაბრად გადანაწილდეს და მასში სხვა კომპანიებიც გამოჩნდნენ.

Oracle, Alphabet Google და IBM აცხადებენ, რომ ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობით დაინტერესებული არიან, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, აპირებენ თუ არა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას.

პენტაგონს ეჩქარება და იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის Joint Warfighter Cloud Capability (JWCC)-ის ღრუბლოვანი გამოთვლების უზრუნველყოფას მიიღებს. თავდაცვის დეპარტამენტი მუშაობის გააქტიურებას აპრილიდან გეგმავს. ღრუბლოვანი გამოთვლების Joint Enterprise Defense (JEDI)-ის პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარად არის შეფასებული, პენტაგონის მეტად ფართო ციფრული მოდერნიზაციის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამით თავდაცვის დეპარტამენტს სურს, ტექნოლოგიურად უფრო მოქნილი გახდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ