,,აწარმოე საქართველოში“ გასაუქმებელია“ - ,,გირჩი“

ახლა, თუ ეს პროგრამა გავაფართოვეთ და ამაზე დავაშენეთ სხვა პროგრამები უარეს შედეგს მივიღებთ და მეტი ფული დაიხარჯება“- ასე შეაფასა ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პრემიერის მიერ წარდგენილი ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა.

მისი თქმით, ეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ლეგალური მოსყიდვაა.

,,არა მგონია, რომ თვითონ ხელისუფლება სერიოზულად უდგებოდეს ამ გეგმას. წარმოუდგენელია, ბიუროკრატები დასხდნენ და დაიწყონ მსჯელობა, რა იქნება 5-10 წლის შემდეგ. ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პიარია. ოღონდ, ერთი პრობლემა აქვს ამ პიარს, რომ მის უკან იმალება პროგრამები, რომლებიც მართლა მავნებლობაა.

მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს - ,,აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარების დიდი ნაწილი, არა თუ არამომგებიანია, უბრალოდ აღარ არსებობს. შეიძლება ლამაზი სახელი აქვს კომპანიას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ეფექტიანი ბიზნესმენების ხარჯზე, არაეფქტიანი ბიზნესების წახალისება.

მთავარი საშიშროებაა, რომ ყველაზე ცუდი და არაეფექტიანი პროგრამა, რომელზეც ვაწყობთ 10 წლის გეგმებს, გაუგებარია. ეს იქნება ამომრჩევლის ლეგალური მოსყიდვა. თავად ,,აწარმოე საქართველოშია“ გასაუქმებელი და ახლა თუ ეს პროგრამა გავაფართოვეთ და ამაზე დავაშენეთ სხვა პროგრამები, უარეს შედეგს მივიღებთ და მეტი ფული დაიხარჯება“- აცხადებს რაქვიაშვილი ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი