სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი და სამი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს.

"ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სტალინის უბნის თემის ყოფილ სპეციალისტს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, თითქოს ფლობდნენ და სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კომპენსაციის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით 98 902 ლარი მიიღეს", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.