ნათია თურნავა - მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი პოლონეთის მოქალაქე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხეთაგუროვის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი, ჩვენს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

მინისტრის განცხადებით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ტურისტებთან დამოკიდებულებაში ქვეყანაში არსებულ სურათს.

მისივე განმარტებით, პოლიციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევა, რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან, ბოლომდე გამოძიებულია.

„მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი ტურისტი უსაფრთხოდ გრძნობს და იგრძნობს თავს საქართველოში, სადაც მათი უსაფრთხოება დაცულია. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით საქართველოს ნებისმიერ რეიონში ვუმასპინძლებთ”, - განაცხადა თურნავამ.